Article 27. პატრულირებისას დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის უფლება-მოვალეობები
1. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს: ა) მოსთხოვოს რეგულირების ობიექტს (მათ შორის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სამართალდამრღვევ პირს) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისი მოთხოვნები, ხოლო ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობის შემთხვევაში მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები; ბ) თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში დანაშაულის ან ადმინისტრაციული დარღვევის ჩადენის შესახებ, ასევე კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში შეამოწმოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთები; გ) განახორციელოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით და საქართველოს სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
2. დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს დროებით მიატოვოს სამოქმედო ტერიტორია: ა) სამსახურის უფროსის, სამსახურის უფროსის მოადგილის, უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, იმ შემთხვევაში, როცა სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ აუცილებელია სამართალდარღვევათა აღკვეთა-აცილება და სხვა ეკიპაჟის დახმარება; ბ) დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურის უეცარი ავადმყოფობის დროს; გ) დადგენილი წესით შესვენების დროს, რა დროსაც უნდა დაუკავშირდეს უშუალო ხელმძღვანელს ტერიტორიის მიტოვების მიზეზის მოსახსენებლად.
