1.ინსპექტირების პროცესში დარღვევების გამოვლენისას დადგენილი წესით მიიღება გადაწყვეტილება მათზე რეაგირების ზომების გამოყენების თაობაზე. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევებზე რეაგირება ხორციელდება ადმინისტრაციული, სამოქალაქო ან სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად.
2.ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი საქმის სხვა მასალებთან (მათ შორის, კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული გარემოსათვის მიყენებული ზიანი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შესაბამის სახდელთან ერთად რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრების მიზნით) ერთად დაუყოვნებლივ გადაეცემა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ ორგანოს (ან შესაბამის თანამდებობის პირს), ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, თუ ვერ ხერხდება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ადმინისტრაციულ სახდელთან ერთად დამრღვევი რეგულირების ობიექტებისათვის დაკისრება, დეპარტამენტის მიერ ხორციელდება შესაბამისი სარჩელის მომზადება სასამართლოში წარსადგენად.
3.სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების აქტი ან/და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და საქმის სხვა მასალები შემდგომი რეაგირებისათვის ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს.
4.გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო ღონისძიებების გატარების ან რაიმე ქმედებებისაგან თავის შეკავების მიზნით, რეგულირების ობიექტების მიმართ მუშავდება ადმინისტრაციული მიწერილობა (დანართი №5). ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი ან დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი ან დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის) უფროსი, ხოლო გადაუდებელი აუცილებლობისას - ინსპექტირების განხორციელების პროცესში ადმინისტრაციულ მიწერილობას ხელს აწერს შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც არის დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე. ადმინისტრაციული მიწერილობა წარედგინებათ (ბარდება) ან ეგზავნებათ რეგულირების ობიექტებს კანონმდებლობით დადგენილი წესით ან ამ წესის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად.
5.დარღვევის აღმოფხვრის თაობაზე ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავება და რეგულირების ობიექტებისათვის წარდგენა, რომლის შეუსრულებლობაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 84-ე მუხლის თანახმად იწვევს რეგულირების ობიექტებისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრებას, საქმის გარემოებებისა და ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნების გათვალისწინებით, ძირითადად ხორციელდება ჩადენილი დარღვევის თაობაზე შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების გამოცემისა და კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გარდა ინსპექტირების პროცესში წარდგენილი მიწერილობისა.
6.დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული მიწერილობა შეიძლება გაიცეს რეგულირების ყველა ობიექტის მიმართ.
7.დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მფლობელთა მიმართ ადმინისტრაციული მიწერილობის წარდგენა ხორციელდება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიების, გარემოზე ზემოქმედების ნებართვებისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემაზე უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ შესაბამისი პირობების დაკმაყოფილებისათვის დადგენილი გონივრული ვადის საფუძველზე.
8.დეპარტამენტის მიერ გარემოზე ზემოქმედების ნებართვებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს სამინისტრო.
9.დეპარტამენტის მიერ ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობის გამოვლენისას, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დეპარტამენტის დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე, ლიცენზიის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას დადგენილი წესით იღებს შესაბამისი ლიცენზიის გამცემი.




