1.რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შესაძლოა მოიცავდეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემოწმებას, მათ შორის: ა) ობიექტის დათვალიერებას, რეგულირების ობიექტის საქმიანობის ადგილზე მიმდინარე ან განხორციელებული სამუშაოების, საწარმოო პროცესებისა და მოწყობილობა-დანადგარების შემოწმებას; ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების შემოწმებას; გ) რეგულირების ობიექტის მიერ ან მისი სახელით განხორციელებული თვითმონიტორინგის შედეგების შემოწმებას; დ) შესაბამისი ნაგებობების, მათ შორის, გარემოსდაცვითი ნაგებობებისა და შესაბამისი მოწყობილობების შემოწმებას; ე) რეგულირების ობიექტის მიერ წარმოებული შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტების შემოწმებას; ვ) რეგულირების ობიექტის მიერ განხორციელებული გარემოსდაცვითი, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისა და შესაბამისი ბუნებრივი რესურსების პირველადი გადამუშავების სამუშაოების შემოწმებას; ზ) რეგულირების ობიექტისაგან ნებისმიერი დოკუმენტაციისა და მასალების შემოწმებას, რომელიც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის გამოვლენისათვის, ასევე, არსებობის შემთხვევაში, ლაბორატორიული ანალიზის შედეგების მიღებას, მათ შორის, ადგილზე გაცნობას; თ) რეგულირების ობიექტის ტერიტორიაზე ლაბორატორიული სინჯების აღებისა და გაზომვების დაუბრკოლებლად ჩატარებას; ი) გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებასა და საჭიროების შემთხვევაში ჩამორთმევას, ასევე შესაბამისი გადაუდებელი რეაგირების ზომების გატარებას; კ) სხვა ქმედებების განხორციელებას, რომლებიც ემსახურება რეგულირების ობიექტის შემოწმების მიზნების შესრულებას.
2.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესის ნებისმიერი ასპექტი, მათ შორის: ა) დაბინძურების თავიდან აცილების სისტემები და მასთან დაკავშირებული კონტროლისა და (ავარიული) შეტყობინების სისტემები; ბ) სინჯების ასაღები მოწყობილობები.
3.მოქმედი კანონმდებლობისა და რეგულირების ობიექტის შემოწმების შესახებ ბრძანების ფარგლებში ინსპექტირების განმახორციელებელ პირს შეუძლია კითხვების დასმა, შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის მოთხოვნა.
4.დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია მოიძიოს და გამოავლინოს ყველა დოკუმენტი და ფაქტი, რომლებიც შემოწმების საგანს არსებითად უკავშირდება, მათ შორის, დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს: ა) ინფორმაცია საწარმოო პროცესების შესახებ; ბ) რეგულირების ობიექტის მიერ მიღებული ნედლეულისა და მასალების შესყიდვის და რეალიზაციის დოკუმენტები, ბუნებრივი რესურსების წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები, ასევე ბუნებრივი რესურსებისა და წარმოებული პროდუქციის შესაბამისი სააღრიცხვო დოკუმენტები; გ) დოკუმენტაცია სახიფათო და არასახიფათო ნარჩენების შესახებ, ასევე ნარჩენების გადამუშავებისა და განთავსების შესახებ; დ) ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების, ჩამდინარე წყლების ჩაშვების და მონიტორინგის სხვა მონაცემები, რომელთა აღრიცხვის ვალდებულებაც განსაზღვრულია გაცემული ნებართვით, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით ან გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტით; ე) წლიური ან სხვა ანგარიშები; ვ) საოპერაციო ჩანაწერები; ზ) გარემოსდაცვითი ღონისძიებების განხორციელების გეგმები, მათ შორის, ბუნებათსარგებლობის სფეროში შესაბამისი მართვის გეგმები; თ) საინჟინრო დოკუმენტაცია (მაგ., საწარმოს ტექნიკური სქემები); ი) კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტაცია.
5.რეგულირების ობიექტის შემოწმების განხორციელების დროს დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია, საწარმოს ტექნოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, შესაბამის გონივრულ ვადებში, რეგულირების ობიექტისგან მოითხოვოს საწარმოს მუშა მდგომარეობაში მოყვანა ან შეჩერება.
6.შემოწმების განხორციელების პროცესში დეპარტამენტის უფლებამოსილ საჯარო მოსამსახურეს უფლება აქვს მიმართოს ობიექტის ხელმძღვანელს ან უფლებამოსილ წარმომადგენელს რეგულირების ობიექტის ზოგიერთი საქმიანობის შეზღუდვის თაობაზე, თუ სხვა გზით ინსპექტირების ჩატარება შეუძლებელია. აღნიშნულმა ქმედებებმა არ უნდა გამოიწვიოს ავარიული სიტუაციების შექმნა.
7.საჭიროების შემთხვევაში რეგულირების ობიექტის შემოწმებისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად დეპარტამენტის უფლებამოსილი საჯარო მოსამსახურე უფლებამოსილია რეგულირების ობიექტს მისცეს შესაბამისი მითითებები ან მოსთხოვოს დარღვევათა აღმოსაფხვრელი სავალდებულო ღონისძიებების გატარება.
8.შემოწმების განხორციელებისას შესაძლებელია ასევე გამოყენებულ იქნეს დათვალიერების ღონისძიებები.
9.რეგულირების ობიექტის საქმიანობის შემოწმება შეიძლება განხორციელდეს გეგმური ან არაგეგმური წესით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.
10.შემოწმება ძირითადად არ აჩერებს რეგულირების ობიექტის საწარმოო პროცესს, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან აუცილებელი ობიექტური და ტექნიკური გარემოებებისა.
11.დეპარტამენტი რეგულირების ობიექტის შემოწმების ან დათვალიერების განხორციელებისას ვალდებულია მხოლოდ იმ გონივრული ვადითა და საქმიანობის მხოლოდ იმ ნაწილში შეაჩეროს დროებით რეგულირების ობიექტის საქმიანობა (მათ შორის, ობიექტის ტექნიკური საშუალების ან/და მცურავი სატრანსპორტო საშუალების ფუნქციონირება), რომელიც საჭიროა მხოლოდ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შემოწმებისათვის და დადგენილი წესით გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირების ზომები.
12.ადამიანური და მატერიალური რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით, შემოწმებები შეძლებისდაგვარად უნდა ატარებდეს კომპლექსურ ხასიათს. რეგულირების ობიექტის საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან (საფუძვლებიდან) გამომდინარე, შემოწმება შესაძლებელია ჩატარდეს მიზნობრივად, გარემოს ან ბუნებრივი რესურსების ცალკეული კომპონენტების ან მიმართულებების მიხედვით.
13.სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე, დაცულ ტერიტორიებსა და სალიცენზიო ფართობებზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, ასევე სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შემოწმებისას დიდი ფართობის მქონე შესამოწმებელი ობიექტის შემოწმების განხორციელება შესაძლებელია შერჩევითი წესით, რის საფუძველზეც განხორციელდება შერჩეული უბნების (ტერიტორიის) შემოწმება.






