Article 13^4. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემა
1. შრომითი იმიგრანტი ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და მის მიერ ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში ვალდებულია მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება ადგილობრივი დამსაქმებლის მეშვეობით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − უშუალოდ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადებით მიმართავს: ა) თვითდასაქმებული უცხოელი და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას; ბ) ადგილობრივი დამსაქმებელი, შრომითი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ და წარადგენს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დოკუმენტაციას.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული განცხადების მიღების შემდეგ იწყებს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემისთვის გათვალისწინებულ პროცედურებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ; ბ) შრომითი საქმიანობის უფლების გაცემაზე უარის თქმის შესახებ.
4. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო უფლებამოსილია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებისთვის გაკეთებული განაცხადის განხილვის პროცესში ადგილობრივ დამსაქმებელს/თვითდასაქმებულ უცხოელს მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა ან/და ამ პროცესში გამოვლენილი უზუსტობის აღმოფხვრა.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულად წარდგენის შემდეგ შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე მიღებული განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
6. შრომითი საქმიანობის უფლების მოქმედების ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადების განხილვის საერთო ვადა 30 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პირებზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ამ კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ.
8. შრომითი იმიგრანტისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური, მათ შორის, აღნიშნული უფლების დაჩქარებული ადმინისტრაციული წესით გაცემის შემთხვევაში, განისაზღვრება არაუმეტეს 500 ლარის ოდენობით, რომელიც შეიტანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ბიუჯეტში.
9. მომსახურების საფასურის ოდენობა, გადახდის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2023 წლის 17 მაისის კანონი №2926 – ვებგვერდი, 02.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №862 – ვებგვერდი, 01.07.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
