Article 13^5. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები
1. შრომითი იმიგრანტი, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდეგ, ვალდებულია, თუ: ა) ჯერ არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მისაღებად; ბ) უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე, შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს უფლებამოსილ ორგანოს შრომითი ბინადრობის ნებართვის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის ბინადრობის ნებართვის მისაღებად.
2. შრომით იმიგრანტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ვალდებულება, თუ მას აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რომელიმე სახის ბინადრობის ნებართვა ან იგი შრომით საქმიანობას სრულად დისტანციურად ახორციელებს და ეს საქმიანობა მის საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლას არ საჭიროებს.
3. ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მქონე შრომით იმიგრანტთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია ასახოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ან შრომით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის დღიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
4. თუ ადგილობრივ დამსაქმებელს სურს თავისთან დასაქმებულ შრომით იმიგრანტთან გააგრძელოს შრომითი ურთიერთობა, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება ამ შრომით იმიგრანტზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
5. თუ თვითდასაქმებულ უცხოელს სურს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება, იგი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვოს შრომითი საქმიანობის უფლების ვადის გაგრძელება მასზე გაცემული შრომითი საქმიანობის უფლების ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ადგილობრივ დამსაქმებელსა და შრომით იმიგრანტს/თვითდასაქმებულ უცხოელს შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის თაობაზე განცხადების განხილვის შედეგები აცნობოს ელექტრონული ფორმით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. შრომით იმიგრანტზე შრომითი საქმიანობის უფლება გაიცემა კონკრეტულ ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობის უფლებით, ხოლო თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში − კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.
8. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცნობიდან 1 თვის ვადაში.
9. შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის/გაცემაზე უარის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება: ა) საჩივრის განხილვის პერიოდში, არ წარმოშობს ამ უცხოელის საქართველოში მუშაობის უფლებას; ბ) არ წარმოშობს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების სამართლებრივ საფუძველს; გ) არ აფერხებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაძევების საკითხის განხილვას ან/და გაძევების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
შრომითი მიგრაციის შესახებ
