საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 106. რკინიგზის ტრანსპორტზე მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა
რკინიგზის ლიანდაგებზე ისეთი საგნების დაწყობა, რომელთაც შეუძლიათ გამოიწვიონ მატარებელთა მოძრაობის დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის ლიანდაგის, დამცავი ტყის ნარგავების, თოვლსაფარის და სხვა საგზაო ობიექტების, სიგნალიზაციისა და კავშირგაბმულობის ნაგებობათა და მოწყობილობათა დაზიანება, – გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ოთხიდან ხუთ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა – შრომის ანაზღაურების სამიდან ექვს მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის ლიანდაგებზე საჭაპანო ტრანსპორტით გავლისა და პირუტყვის გადარეკვის, ლიანდაგების მახლობლად პირუტყვის ძოვების წესების დარღვევა, – გამოიწვევს მოქალაქეთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ნახევარ მინიმალურ ოდენობამდე, თანამდებობის პირთა გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. დატვირთვა-გადმოტვირთვის დროს დადგენილი გაბარიტების დაუცველობა, – გამოიწვევს თანამდებობის პირთა დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთიდან ორ მინიმალურ ოდენობამდე. რკინიგზის ლიანდაგებზე გავლა ნებადაურთველ ადგილებში, – გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მეათედ მინიმალურ ოდენობამდე. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1987 წლის 3 აგვისტოს ბრძანებულება №1370 – საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №8, აგვისტო, 1987 წ., მუხ.207 საქართველოს რესპუბლიკის 1994 წლის 17 მარტის კანონი №436 – საქართველოს პარლამენტის უწყებები, №16, მარტი, 1994 წ., მუხ.308
