1.რკინიგზისა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის ურთიერთობა ხორციელდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად.
2.საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე იმ მოძრავი შემადგენლობის გასვლის წესს, რომელიც რკინიგზას არ ეკუთვნის, ადგენს რკინიგზა.
3.პირს, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია საერთო სარგებლობის სარკინიგზო ლიანდაგზე მატარებლების მოძრაობასთან, სამანევრო სამუშაოებთან, ტვირთის დატვირთვა-დამაგრებასა და გადმოტვირთვასთან, უნდა ჰქონდეს რკინიგზის მიერ გაცემული საბუთი, რომელიც ადასტურებს მისი კვალიფიკაციის შესაბამისობას დადგენილ მოთხოვნებთან.
4.რკინიგზის წარმომადგენელს უფლება აქვს, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მფლობელის მონაწილეობით შეამოწმოს მოძრაობის უსაფრთხოება, მოძრავი შემადგენლობისა და კონტეინერის დაცულობა და სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მდგომარეობა.
5.სარკინიგზო მისასვლელ ლიანდაგზე გაუმართავობის გამოვლენისას, რომელიც საფრთხეს უქმნის მოძრაობას, მოძრავი შემადგენლობის, გადასაზიდი ტვირთისა და (კონტეინერის) დაცულობას, რკინიგზის წარმომადგენელი ვალდებულია შეადგინოს შესაბამისი აქტი. ამ აქტის საფუძველზე უფროსი ან მოძრაობის უსაფრთხოების რევიზორი გაუმართავობის აღმოფხვრამდე კრძალავს აქტში მითითებულ ლიანდაგზე (ლიანდაგის მონაკვეთზე) მოძრავი შემადგენლობის მიწოდებას. ასეთ შემთხვევაში ვაგონის (კონტეინერის) მიწოდების ან გამოყვანის დაყოვნების, აგრეთვე ტვირთის შენახვის, დაცვისა და გადაზიდვის შესახებ მიღებული განაცხადის შეუსრულებლობის გამო ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის (მისი მონაკვეთის) მფლობელს.




