1.საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთაგან გამოფრქვეული ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები ნორმები, გაზომვისა და რეგულირების წესები არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.
2.ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების წარუდგენლობა (მათ შორის, გამოფრქვეული ნივთიერებების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
3.საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების რეალიზაცია, რომელთა შეფუთვაზე განთავსებული ინფორმაცია ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ არ შეესაბამება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად ჩატარებული გაზომვის შედეგებს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტების კონფისკაციით.
4.თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის თამბაქოს ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე არაუგვიანეს 3 თვისა თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების (კერძოდ, ინგრედიენტების ჩამონათვალის, რაოდენობისა და წონის) თაობაზე ინფორმაციის წარუდგენლობა (მათ შორის, ინგრედიენტების რაოდენობის ან მათი სხვა პარამეტრის ცვლილების შემთხვევაში) − გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №861 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3119 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 13 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2018წ.
