საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Article 290^10. ამ კოდექსის 118 5 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში საჯარიმო ქვითრის ჩაბარება და მისი აღსრულება
1. ამ კოდექსის 118 5 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს (სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების შესაბამის ცენტრს) მის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება.
2. თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირს მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) გაგზავნილი საჯარიმო ქვითარი ვერ ჩაჰბარდა, გზავნილის მიმტანი გზავნილზე სათანადო აღნიშვნას აკეთებს და საჯარიმო ქვითარს აბრუნებს. საჯარიმო ქვითარი დაბრუნებიდან არაუადრეს 30-ე დღისა და არაუგვიანეს მე-60 დღისა აღნიშნულ პირს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) განმეორებით ეგზავნება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად განმეორებით გაგზავნილი საჯარიმო ქვითრის ჩაუბარებლობის შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ, თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საჯარიმო ქვითარი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესს ბრძანებით ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი.
