1.თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ კოდექსის 118-ე−118 3 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−3 1 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, ამ მუხლებით გათვალისწინებული შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება: ა) სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მონაცემებით განსაზღვრულ პირს, რომელზედაც სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა ბოლოს არის გაცემული (გარდა ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში არსებული დროებითი სანომრე ნიშნით მოსარგებლე პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება დროებითი სანომრე ნიშნით ხდება; გ) სატრანსპორტო საშუალებაზე ლიზინგის რეგისტრაციის საფუძველზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ლიზინგის მიმღებად აღრიცხულ პირს, თუ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება რეგისტრაციის ნომრით (სახელმწიფო სანომრე ნიშნით) ხდება.
2.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საჯარიმო ქვითარი ჰბარდება ამ კოდექსის 268 1 მუხლის შესაბამისად.
3.ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულმა შესაბამისმა პირმა ჯარიმა მისთვის საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.
4.ჯარიმის ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შესაბამის პირს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი დაარიცხავს საურავს ამ კოდექსის 118-ე−118 3 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−3 1 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული სათანადო ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში დაჯარიმების შესახებ დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად.
5.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ამ კოდექსის 118-ე−118 3 მუხლებით, 120-ე მუხლის მე-2−3 1 ნაწილებით, 122-ე და 123-ე მუხლებითა და 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა) გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი პირის კანონიერ წარმომადგენელს აკისრებს.
6.ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გამოტანილი დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას ამ კოდექსის 290-ე მუხლით გათვალისწინებული დაჯარიმების შესახებ დადგენილების აღსრულების ვადები და წესები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლითა და ამ კოდექსის 268 1 მუხლით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
7.თუ ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა უცხო ქვეყნის სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე სატრანსპორტო საშუალებით არის ჩადენილი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირი შემთხვევის ადგილზე არ გამოწერს საჯარიმო ქვითარს და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ეს ფაქტი ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირდება, შესაბამისი ჯარიმის გადახდა ეკისრება იმ ფიზიკურ პირს ან იურიდიულ პირს, რომელმაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და ეს სატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა.
8.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიმართ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირის მიერ გამოტანილი დადგენილება (გამოწერილი საჯარიმო ქვითარი) საჯაროდ ქვეყნდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. საჯარიმო ქვითარი შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა საჯაროდ გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს აგრეთვე უფლება აქვს, ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ პირს დაჯარიმების შესახებ ინფორმაცია გაუგზავნოს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან სხვა ტექნიკური საშუალებით, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის მონაცემთა ბაზაში არსებობს ამ პირის საკონტაქტო ინფორმაცია. საჯარიმო ქვითარი აღნიშნულ პირს შეიძლება ჩაჰბარდეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.
9.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში მას ერიცხება საურავი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10.ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში იგი ვალდებულია აღნიშნული ჯარიმა ან საურავი გადაიხადოს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას.
11.თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირი უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია, ჯარიმის ან საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში მას შეიძლება საქართველოს ვიზის გაცემაზე ან საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილების აღსრულების ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში. თუ ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული პირი საქართველოს მოქალაქეა, საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება სატრანსპორტო საშუალების რეალიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს პირი სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ არის. აღნიშნულ შემთხვევაში სათანადო დადგენილება იძულებით აღსრულდება ამ კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1194 – ვებგვერდი, 14.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1916 – ვებგვერდი, 28.12.2017წ. საქართველოს 2020 წლის 17 ივლისის კანონი №7059 – ვებგვერდი, 29.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2231 – ვებგვერდი, 13.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 4 აპრილის კანონი №452 - ვებგვერდი, 10.04.2025წ. საქართველოს 2026 წლის 17 მარტის კანონი №1400 – ვებგვერდი, 24.03.2026წ.



