არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი
Article 45. არასრულწლოვნისთვის მოვალეობის დაკისრება
1. არასრულწლოვანს შეიძლება აეკრძალოს: ა) განსაზღვრული ადგილის ან/და პირის/პირების მონახულება; ბ) ბინადრობის ადგილის შეცვლა; გ) დროის განსაზღვრულ მონაკვეთში შინიდან გასვლა; დ) ნებართვის გარეშე ქვეყნის ან შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის დატოვება; ე) სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს შეუშლის მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას.
2. არასრულწლოვანს შეიძლება დაევალოს: ა) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დაწყება ან განახლება; ბ) სპეციალიზებული სახელმწიფო ორგანოს დახმარებით მუშაობის დაწყება; გ) საგანმანათლებლო, აღმზრდელობითი ან/და სამკურნალო პროგრამის გავლა; დ) თავისუფალი დროის განსაზღვრული ფორმით გამოყენება; ე) სხვა ისეთი მოვალეობა, რომელიც ხელს შეუწყობს მის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების კონტროლს უზრუნველყოფს სააგენტო. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5396 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
