1.თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ შესაძლებელია საფრთხე შეექმნას სახელმწიფო უსაფრთხოებას, სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ პრევენციულ ღონისძიებებს: ა) პირის გამოკითხვა; ბ) პირის იდენტიფიკაცია; გ) პირის მოწვევა; დ) ზედაპირული შემოწმება და ზედაპირული დათვალიერება; ე) სპეციალური შემოწმება და დათვალიერება; ვ) ადგილის დატოვების მოთხოვნა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა.
2.სამსახური უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიებების გარდა, განახორციელოს სხვა პრევენციული ღონისძიებები, რომლებიც არ იწვევს ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებში ჩარევას.
3.ამ კანონით გათვალისწინებული საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის არის ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა ობიექტურ დამკვირვებელს გარემოებათა გათვალისწინებით დასკვნის გასაკეთებლად.
4.ამ კანონით გათვალისწინებული საფრთხე არის ვითარება, როდესაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ მოვლენათა მოსალოდნელი განვითარების შეუფერხებელი მსვლელობის შემთხვევაში დიდი ალბათობით ზიანი მიადგება სამსახურის მიერ დასაცავ სიკეთეს.
5.მოსამსახურე ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პრევენციული ღონისძიების განხორციელებამდე პირს წარუდგინოს თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.






