1.სამსახური სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში, გააკონტროლოს მათი შესრულება იმ ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა), სადაც ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა; ბ) შეამოწმოს პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მიზნით; გ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის იმ ელექტრონული საშუალებების კონტროლი, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შესაქმნელად, დასამუშავებლად, შესანახად და გასაგზავნად; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების უფლების მისაცემად სათანადო ნებართვის გაფორმებისათვის.
2.სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ორგანოს, ორგანიზაციის, დაწესებულების, საწარმოს (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ბიუჯეტიდან ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7005 - ვებგვერდი, 28 .07 .2020წ.



