Article 33. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და უფლებამოსილებები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია: ა) მოსწავლეებს მიაწოდოს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი განათლება, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ჯანსაღი ცხოვრების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპებს; ბ) შექმნას სასწავლო პროცესის მიმდინარეობისათვის საჭირო ყველა პირობა; ბ 1 ) ხელი შეუწყოს პირის/მოსწავლის ეფექტიან ტრანზიციას; [ ბ 2 ) განახორციელოს უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] გ) დაიცვას ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის დადგენილი ეროვნული სასწავლო გეგმა; დ) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოებით ან/და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისი, სამინისტროსთან შეთანხმებული სახელმძღვანელოებით. სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; [ დ) ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობა განახორციელოს სამინისტროს მიერ შექმნილი ან/და სამინისტროსთან შეთანხმებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს სამინისტროსთან შეთანხმების წესი და ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით; (ამოქმედდეს 2028 წლის 1 სექტემბრიდან)] ე) უზრუნველყოს ჯანმრთელობის დაცვის ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად; ე 1 ) მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა და მათი სრულყოფილი განვითარებისათვის უზრუნველყოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში სამედიცინო მომსახურების სივრცის (კაბინეტი/პუნქტი) ფუნქციონირებისათვის შესაბამისი პირობების შექმნა; ვ) შექმნას ზოგადი განათლების ალტერნატიული ფორმებით მიღების შესაძლებლობა, მოსწავლეთა ასაკობრივი თავი სებურებების გათვალისწინებით, შესაბამისი საფეხურის სხვა მოსწავლეთაგან განცალკევებით; ზ) შექმნას ინკლუზიური განათლების განხორციელების პირობები; თ) არ დაუშვას არამეცნიერული შეხედულების ან თეორიის, როგორც მეცნიერული თეორიის ან ფაქტის, სწავლება; ი) ჰქონდეს ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები; კ) უზრუნველყოს სასკოლო დროს სკოლის ტერიტორიაზე მყოფი მოსწავლის უსაფრთხოება; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს მასწავლებლობის მაძიებელი სკოლაში; მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებული მასწავლებლების პერსონალური მონაცემები, აგრეთვე ინფორმაცია სკოლაში არსებული მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მაძიებლების ვაკანსიების შესახებ; ნ) მის ხელთ არსებული რესურსების ფარგლებში ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მათ შორის, პროფესიული მზადების პროგრამაში მათი მონაწილეობის ხარჯების დაფინანსების ან თანადაფინანსების გზით; ო) ფორმალურ განათლებაში პროფესიული ორიენტაციის, კონსულტირებისა და კარიერის დაგეგმვის სისტემის ფარგლებში უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
