1.სადაზღვევო საქმიანობასა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ფარგლებში ნებაყოფლობით კერძო საპენსიო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობას ახორციელებს სამსახური, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაზღვევის სფეროს რეგულირების მიზნით შექმნილი, სპეციალური უფლებაუნარიანობის მქონე, დამოუკიდებელი ორგანოა. სამსახურის მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონითა და „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით, ხოლო მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები რეგულირდება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2.სამსახური თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სამსახურის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
3.სამსახურთან იქმნება საკონსულტაციო ფუნქციების მქონე სამეთვალყურეო საბჭო. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამეთვალყურეო საბჭო შედგება 7 წევრისგან. მის შემადგენლობაში შედიან საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს ფინანსთა მინისტრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი 2 ექსპერტი. 3 1 . სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით, რომელსაც ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო.
4.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც 5 წლის ვადით, სამსახურთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს მთავრობა.
5.(ამოღებულია - 26.12.2014, №2993). საქართველოს 2001 წლის 20 ივნისის კანონი №961-სსმI, №20, 03.07.2001წ., მუხ.69 საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5271-სსმI, №30, 30.07.2007წ., მუხ.342 საქართველოს 2008 წლის 14 მარტის კანონი №5914-სსმI, №7, 26.03.2008წ., მუხ.34 საქართველოს 2009 წლის 24 სექტემბრის კანონი №1679-სსმI, №29, 12.10.2009წ., მუხ.162 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი №354 – ვებგვერდი, 04.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2993 - ვებგვერდი, 30.12.2014წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1640 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3061 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2023 წლის 15 ივნისის კანონი №3277 – ვებგვერდი, 30.06.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3340 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2025 წლის 2 აპრილის კანონი №424 – ვებგვერდი, 03.04.2025წ.






