Article 13
კოდექსის მიხედვით „თევზსაჭერი გემი“ არის ნებისმიერი გემი, რომელსაც იყენებენ თევზჭერისა და სხვა სახეობის საზღვაო რეწვისათვის. გემის განუყოფელი ნაწილი არის რეწვის იარაღი. სხვა გემის მიერ მისი დაზიანება განიხილება, როგორც საზღვაო ინციდენტი. მუხლი 14 1. გემთმფლობელი არის გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, თუ საქართველოს კანონმდებლობაში „გემთმფლობელი“ სხვაგვარად არ არის განმარტებული.
2. გემთმფლობელს შეუძლია დანიშნოს თავისი წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც განახორციელებს იმ უფლებებს და შეასრულებს იმ მოვალეობებს, რომლებიც გამომდინარეობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006), მისი შესწორებების გათვალისწინებით. აღნიშნული პირი შესაძლებელია იყოს იგივე პირი, რომელიც დანიშნულია 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის მიმართ, და სერტიფიცირებულია „გემების უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ“ საერთაშორისომართვის კოდექსის (ISM კოდექსი) შესაბამისად, რომელიც მიღებულ იქნა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ ასამბლეის 1993 წლის 4 ნოემბრის A.741(18) რეზოლუციით და რომელშიც ცვლილებები იქნა შეტანილი საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის 2000 წლის 5 დეკემბრის MSC.104(73) რეზოლუციით.
3. თუ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ (MLC 2006) გამომდინარე დებულებების შესასრულებლად ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გემთმფლობელის ნაცვლად სხვა ფიზიკური ან იურიდიული პირია დანიშნული, აღნიშნული პირი საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციასა და საზღვაო შრომის სერტიფიკატში, აგრეთვე „საზღვაო შრომის კონვენციიდან“ გამომდინარე სხვა სერტიფიკატში მიეთითება, როგორც გემთმფლობელი.
4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს: ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება; ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება; გ) გემის ტექნიკური გამართულობა; დ) გემის ეკიპაჟის წევრებისთვის შრომის უსაფრთხო პირობების შექმნა; ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალებით მომარაგება; ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისთვის ნორმალური საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა; ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაკისრებულ სხვა მოვალეობათა შესრულება. საქართველოს 2000 წლის 13 ივლისის კანონი №490-სსმI, №28, 24.07.2000წ., მუხ.87 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №69-სსმI, №12, 14.07.2008წ., მუხ.91 საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4622 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3043 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
