Article 44^18
1. ამ მუხლის მიზნებისთვის საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული საქართველოს გემი, რომლის საერთო ტევადობა 500 ტონაზე მეტია და რომელიც აშენებულია საქართველოსთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (MLC 2006) ძალაში შესვლამდე მიიჩნევა არსებულ გემად (existing ship).
2. არსებული გემი უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელ და დასასვენებელ კონსტრუქციებსა და აღჭურვილობებთან დაკავშირებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც განსაზღვრულია ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციითა (ახალი რედაქცია) და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციით (დამატებითი დებულებები).
3. არსებულ გემს უნდა ჰქონდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნულ გემზე ეკიპაჟისთვის არსებული საცხოვრებელი პირობები შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული კონვენციების მოთხოვნებს.
4. სააგენტოს უფლება აქვს, არსებულ გემზე დაუშვას გამონაკლისი შემდეგი ნორმებიდან: ა) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-11 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-6 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სასადილო ოთახი შესაფერისია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის მიერ გამოსაყენებლად; ბ) ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის №92 კონვენციის მე-12 მუხლიდან და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის №133 კონვენციის მე-7 მუხლიდან, თუ გემზე არსებული სივრცეები, რამდენადაც ეს შესაძლებელია, შეესაბამება აღნიშნული მუხლების მოთხოვნებს.
