საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების დარღვევის საქმეზე სამართალწარმოების პროცესში სასამართლო უფლებამოსილია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტზე განსაკუთრებული უფლების მფლობელის თანაზომიერი და დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე: ა) მოსთხოვოს პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ მან დაარღვია განსაკუთრებული უფლება, იმ ინფორმაციის მიწოდება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებული ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართული საქონლის წარმოშობის ან/და გასაღების ქსელის შესახებ ინფორმაციას. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე კანონდარღვევასთან დაკავშირებული ფინანსური დოკუმენტების წარდგენის ვალდებულებას; ბ) მოსთხოვოს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება პირს, რომლის მიმართ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ იგი კომერციული მასშტაბით სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა ან/და იყენებდა განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს. აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება ვრცელდება აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირზე, რომელიც სთავაზობდა, იღებდა, ფლობდა ან/და იყენებდა განსაკუთრებული უფლების დარღვევით წარმოებულ ან/და სამოქალაქო ბრუნვაში ჩართულ საქონელს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს ქმედება/ქმედებები პირადი სარგებლობის მიზნით ხორციელდებოდა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა მოიცავდეს მწარმოებლის, დამამზადებლის, დისტრიბუტორის, მიმწოდებლის ან/და საქონლის სხვა ადრინდელი მფლობელის, საბითუმო ან/და საცალო მოვაჭრის (რომლისთვისაც განკუთვნილია საქონელი, რომლითაც, სავარაუდოდ, ირღვევა განსაკუთრებული უფლება) სრულ სახელწოდებასა და მისამართს, აგრეთვე წარმოებული, დამზადებული, მიწოდებული, მიღებული ან შეკვეთილი საქონლის რაოდენობისა და ფასის შესახებ ინფორმაციას.
3. ამ მუხლით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება დაუშვებელია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს პირი, რომელმაც სასამართლოს მიმართა აღნიშნული ინფორმაციის მიწოდების თაობაზე შუამდგომლობით. მოწინააღმდეგე მხარეს უფლება აქვს, მოითხოვოს ინფორმაციის მიწოდებისათვის მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. საბოლოოდ ეს ხარჯები გადანაწილდება სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტისას.
5. ინფორმაციის მიწოდების შესახებ განჩინების გასაჩივრება დაუშვებელია. ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი