ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ
Article 6
1. საქართველოში ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული პირი. ტენდერში გამარჯვებულად განისაზღვრება ის პირი, რომელიც დააკმაყოფილებს ტენდერის პირობებს და საქართველოში ლატარიის ორგანიზებისა და ჩატარების ექსკლუზიური უფლების მოპოვებისათვის სახელმწიფოს ბიუჯეტში გადასახდელად შესთავაზებს ყველაზე მეტი ოდენობის თანხას, მაგრამ არანაკლებ საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობისა, რომელიც განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით. აღნიშნული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ტენდერის ჩატარების წესსა და პირობებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სავალდებულოა, ამ მუხლით გათვალისწინებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაცია ითვალისწინებდეს სატენდერო წინადადების და ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფისთვის საბანკო გარანტიებს, რომელთა ოდენობები და გამოყენების პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საბანკო გარანტიების ოდენობები განისაზღვრება მესამე პირის მიერ ჩატარებული კვლევის გათვალისწინებით.
