1.საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ნებართვას მოითხოვს. უნებართვოდ აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ჩატარება, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდება, აგრეთვე სანებართვო პირობების შეუსრულებლობა კანონის დარღვევად მიიჩნევა და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2.საქართველოს ტერიტორიაზე დასაშვებია მხოლოდ ამ კანონით გათვალისწინებული ლატარიის, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების ორგანიზება და მათი ბილეთების გავრცელება. 2 1 . აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის სწრაფად და ეფექტიანად რეალიზაციის მიზნით წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის გაცემა. ასევე აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის წამახალისებელ გათამაშებასა და ლატარიაში პრიზებად გამოყენება ან/და ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების საშუალებით დარიგება.
3.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია წამახალისებელი გათამაშების ჩატარების უფლებამოსილება შემოსავლების სამსახურს მიანიჭოს. ამ შემთხვევაში წამახალისებელი გათამაშების ჩატარების წესსა და პირობებს ადგენს და საპრიზო ფონდს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
4.საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს სათამაშო ბიზნესის სფეროში საქმიანობასთან დაკავშირებული ის მომსახურებები, რომელთა პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ფორმით გაწევაც აკრძალულია საქართველოს ტერიტორიის ფარგლების გარეთ აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელი პირისთვის.
5.„საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ყველა სახეობის მცურავ ობიექტზე საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის აკრძალულია ამ კანონით გათვალისწინებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობების მოწყობა. საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონი №2237 - სსმ I, №54 20.12.2005 წ., მუხ. 357 საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5448 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5859 – ვებგვერდი, 27.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6052 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №862 – ვებგვერდი, 30.05.2017წ. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6487 – ვებგვერდი, 02.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1083 – ვებგვერდი, 24.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2584 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.




