სახელმწიფო შესყიდვების შესახებ
Article 23^9. საბჭოს მიერ საჩივრის განხილვა
1. საბჭო საჩივარს იხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის დასაშვებად ცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
2. თუ საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების დადგენა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში ვერ ესწრება, საბჭოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით.
3. საბჭო საჩივარს იხილავს ღია სხდომაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საბჭოს სხდომაზე იმართება ზეპირი მოსმენა, რომლის დროსაც საბჭო უსმენს მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში).
4. საბჭოს სხდომაზე საჩივრის განხილვის დღესა და საათს საბჭოს აპარატის წარდგინებით ნიშნავს საბჭოს თავმჯდომარე. ეს ინფორმაცია ელექტრონული მოდულის მეშვეობით ეცნობებათ მხარეებსა და დაინტერესებულ პირებს (არსებობის შემთხვევაში). დადგენილი წესით მოწვეულ მხარეთა და დაინტერესებულ პირთა საბჭოს სხდომაზე გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საჩივრის განხილვას.
5. საბჭოს სხდომას ხსნის, წარმართავს და ასრულებს საბჭოს სხდომის თავმჯდომარე. საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს სხდომაზე საბჭოს თავმჯდომარის არყოფნისას მის მოვალეობას ასრულებს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. საბჭოს სხდომაზე ერთდროულად საბჭოს თავმჯდომარისა და საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას საბჭოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს საბჭოს ერთ-ერთი წევრი.
