საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 150. დაკავებისაგან განთავისუფლების საფუძველი და წესი
1. დაკავებული უნდა განთავისუფლდეს, თუ: ა) არ დადასტურდა ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული; ბ) დაკავებულის დაპატიმრება არ არის აუცილებელი; გ) გავიდა დაკავების კანონით დადგენილი ვადა, ანდა არ იქნა მიღებული უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის თანხმობა; დ) დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი.
2. დაკავებული თავისუფლდება იმ თანამდებობის პირის დადგენილებით, რომელმაც იგი დააკავა, აგრეთვე გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილებით, ანდა დაკავებულთა ყოფნის ადგილის უფროსის დადგენილებით, თუ დაკავების ვადა გავიდა.
3. დაკავებულს განთავისუფლებისას მიეცემა ცნობა, რომელშიც აღინიშნება, ვინ, სად, როდის, რის საფუძველზე დააკავა იგი და რის საფუძველზე და როდის იქნა განთავისუფლებული.
4. უკანონო და დაუსაბუთებელი დაკავების შედეგად მიყენებული ზიანი სრული მოცულობით ანაზღაურდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, იმის მიუხედავად, იქნება თუ არა დაკავებული მსჯავრდებული.
5. პროკურორის დადგენილებით, შესაძლებელია დაკავებულის დროებითი გამოყვანა დაკავების ადგილიდან მის მიერ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ჩასატარებელია ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელში მონაწილეობაც მოითხოვს დაკავებულის თანხმობას. დაკავებულს საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე, დაუყოვნებლივ აბრუნებენ დაკავების ადგილას. საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2936 - სსმ I, №14,15.05. 2006 წ., მუხ.89 თავი XX აღკვეთის ღონისძიებანი
