საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 342. საგამოძიებო ექსპერიმენტის წესი
1. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მოიწვიონ სპეციალისტი (სპეციალისტები) და ექსპერტი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში, საცდელ მოქმედებათა ჩატარებაში შეიძლება ჩააბან სხვა პირები.
2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის ჩვენებაც უნდა შემოწმდეს. ამასთან, მოწმე და დაზარალებული უნდა გააფრთხილონ ჩვენების მიცემაზე უარის თქმის ან ცრუ ჩვენების მიცემისათვის პასუხისმგებლობის შესახებ. ეჭვმიტანილს, ბრალდებულსა და განსასჯელს უფლება აქვთ მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. დამცველს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელის მონაწილეობით ჩატარებულ ყველა საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.
3. თუ ექსპერიმენტი ტარდება გამოსაკვლევი გარემოების აღსადგენად, იგი უნდა შეესაბამებოდეს შესამოწმებელ ჩვენებას ან ვერსიას. ამისათვის ეჭვმიტანილს, ბრალდებულს, განსასჯელს, დაზარალებულსა და მოწმეს წინადადება ეძლევათ აღიდგინონ შემთხვევის ვითარება, რომლის მონაწილე ან თვითმხილველიც თავად იყვნენ. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერიმენტი ტარდება არაერთგზის. მან შეიძლება აგრეთვე სახე იცვალოს.
