1.სისხლის სამართლის საქმე განეკუთვნება შინაგან საქმეთა ორგანოების გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2.პროკურატურის გამომძიებლის საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება საქმეები: საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს მოსამართლის, სახალხო დამცველის, კონტროლის პალატის თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და დესპანის, პროკურორის, გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, პოლიციელის, თანამდებობაზე მყოფი უმაღლესი სამხედრო ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე ოფიცრის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ, აგრეთვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე, 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე, 377-ე, 377 1 , 377 2 და 381-ე (გარდა თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილისა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა თაობაზე, გარდა ამ მუხლის 4 1 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3.საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 189-ე, 189 1 , 190-ე, 192-ე, 193-ე, 195-ე–201-ე, 205-ე–213-ე, 214-ე (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილისა), 216-ე–221-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
4.საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 356-ე–359-ე, 383-ე–392-ე, 394-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე იმ დანაშაულს, რომელიც ჩადენილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში. 4 1 . საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ ჩადენილ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
5.საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342 1 , 378-ე, 378 1 , 378 2 , 379-ე, 380-ე და 381-ე (თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული განაჩენის შეუსრულებლობის ნაწილში) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს, აგრეთვე სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მომხდარ დანაშაულს.
6.საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს შესაბამისი სამსახურის საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლები იძიებენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 287-ე–306-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს.
7.თუ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 383-ე–403-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული ჩადენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურის მიერ, დანაშაულს იძიებს ამავე უწყების საგამოძიებო დანაყოფი.
8.თუ არსებობს კონკურენცია პროკურატურისა და ამ კოდექსის 61-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რომელიმე ორგანოს საგამოძიებო ქვემდებარეობას შორის, გამოძიებას ახორციელებს პროკურატურა.
9.ერთ წარმოებაში რამდენიმე ბრალდების (ერთი ან რამდენიმე პირის მიმართ) გაერთიანებისას საქმეს იძიებს გამომძიებელი, რომლის საგამოძიებო ქვემდებარეობასაც განეკუთვნება საქმე უფრო მძიმე დანაშაულის თაობაზე. საქართველოს 1998 წლის 26 ივნისის კანონი №1506 - პარლამენტის უწყებანი, №27-28, 30.07.1998 წ., გვ.19 საქართველოს 1999 წლის 23 ივლისის კანონი №2354 - სსმ I, №36(43), 29.07.1999 წ., მუხ.178 საქართველოს 2000 წლის 5 მაისის კანონი №287 - სსმ I, №18, 15.05.2000 წ., მუხ.48 საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №411 - სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.73 საქართველოს 2003 წლის 26 აგვისტოს კანონი №3093 - სსმ I, №28, 15.09.2003 წ., მუხ.202 საქართველოს 2004 წლის 13 თებერვლის კანონი №3287 - სსმ I, №6, 09.03.2004 წ., მუხ.21 საქართველოს 2004 წლის 24 თებერვლის კანონი №3381 - სსმ I, №5, 04.03.2004 წ., მუხ.12 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №280 - სსმ I, №16, 04.07.2004 წ., მუხ.56 საქართველოს 2004 წლის 24 დეკემბრის კანონი №809 - სსმ I, №39, 25.12.2004 წ., მუხ.188 საქართველოს 2005 წლის 25 მარტის კანონი №1204 – სსმ I, №14, 18.04.2005 წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368 საქართველოს 2006 წლის 11 აპრილის კანონი №2835 - სსმ I, №11, 01.05.2006წ., მუხ.76 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4212 - სსმ I, №1, 03.01.2007წ., მუხ.15 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4257 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.417 საქართველოს 2007 წლის 22 ივნისის კანონი №5032 - სსმ I, №26, 11.07.2007წ., მუხ.239 საქართველოს 2008 წლის 1 ნოემბრის კანონი №470 - სსმ I, №30, 07.11.2008წ., მუხ.189 საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი №966 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.338 საქართველოს 2009 წლის 27 თებერვლის კანონი №1014 - სსმ I, №4, 12.03.2009წ., მუხ.14



