საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 7. კანონიერება და ადამიანის ბუნებითი უფლებები
1. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე, სასამართლო, ფიზიკური და იურიდიული პირები და სისხლის სამართლის პროცესის სხვა მონაწილენი ვალდებულნი არიან დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, ეს კოდექსი და სხვა კანონები.
2. საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებისა და სასამართლო განხილვის წესი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ერთიანია და სავალდებულოა სისხლის სამართლის პროცესის ყველა მონაწილისათვის.
3. სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არაკონსტიტუციურად ცნობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა. ამ საკითხის გადაწყვეტამდე პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სასამართლოში ჩერდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე.
4. კანონმდებლობაში ხარვეზების არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო კანონის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ ილახება ადამიანის უფლებები.
5. საქართველოს კონსტიტუციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევა იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას და უკანონო საპროცესო აქტის გაუქმებას.
