საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 75. პირის ბრალდებულად ცნობა
1. ბრალდებულად ითვლება პირი, რომლის მიმართაც გამოტანილია გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილება მისი ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ. დადგენილება უნდა შეიცავდეს იმ ქმედების აღწერას, რომლის ჩადენაც ბრალად ედება პირს, და მის სისხლისსამართლებრივ კვალიფიკაციას.
2. ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ დადგენილების გამოტანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა ალბათობის მაღალი ხარისხით დამტკიცდეს, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.
3. (ამოღებულია).
4. დანაშაულის ერთი და იმავე შემთხვევის გამო პირი ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში შეიძლება მიცემული იყოს არა უმეტეს 12 თვისა, თუ ამ ვადის გასვლამდე მისთვის დანაშაულის სხვა შემთხვევის გამო არ წაუყენებიათ ახალი ბრალდება. აღნიშნული ვადის გასვლისთანავე წყდება სისხლისსამართლებრივი დევნა პირის მიმართ ან საქმე წარიმართება სასამართლოში არსებითად განსახილველად. ასეთი ბრალდების წაყენებისას აღნიშნული ვადის დინება წყდება და იგი გამოითვლება ახალი ბრალდების წაყენების დღიდან. თუ პირის მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაუშვებელია მომავალში მისთვის იმავე ბრალდების წაყენება.
