Article 11. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ოპერირების სპეციალური მოთხოვნები
1. არანაკლებ 2 ტონა სახიფათო ნარჩენის შენახვის ობიექტზე ვრცელდება შემდეგი სპეციალური მოთხოვნები: ა) დაუშვებელია ერთმანეთთან შეუთავსებელი ნარჩენების მოთავსება ერთსა და იმავე კონტეინერში, ასეთი ნარჩენები უნდა ინახებოდეს იმგვარად, რომ გამოირიცხოს მათი კონტაქტის შესაძლებლობა ავარიული გაჟონვის შემთხვევაში; ბ) დაუშვებელია სახიფათო ნარჩენების მოთავსება გაურეცხავ კონტეინერში, რომელშიც ინახებოდა ამ ნარჩენებთან შეუთავსებელი ნარჩენები ან სხვა მასალა; გ) დროებითი შენახვის ობიექტი დაცული უნდა იყოს არაუფლებამოსილი პირების შეღწევისგან; დ) სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ოპერატორი ვალდებულია, თვეში ერთხელ შეამოწმოს სახიფათო ნარჩენების შესანახად გამოყენებული კონტეინერების მდგომარეობა და შემოწმება აღრიცხოს ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2. სახიფათო ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტის ოპერატორი ვალდებულია, აღრიცხოს: ა) შენახვის მიზნით შემოსული სახიფათო ნარჩენების რაოდენობა, სახეობა და წარმოშობა; ბ) შენახვის მიზნით შემოსული სახიფათო ნარჩენების ადგილი საცავში; გ) ადგილი, სადაც გაიგზავნა სახიფათო ნარჩენები დროებითი შენახვის ობიექტიდან.
