1.ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 მუხლის მე-8 ნაწილისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენების ტრანსპორტირება დამუშავებისა და განთავსების ობიექტებზე, სადაც ნებადართულია ამგვარი ნარჩენების მიღება; გ) მუნიციპალური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება.
2.ნარჩენების მართვის კოდექსის მე–13 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ღონისძიებები.
3.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება უნდა მოხდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ით და დანართი 2-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად.
4.მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან ჩამოაყალიბონ და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა.
5.მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას, ეროვნულ სამოქმედო გეგმას და ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმებს (არსებობის შემთხვევაში).
6.მუნიციპალური ნარჩენების გრძელვადიანი დაგეგმვა ისე უნდა განხორციელდეს, რომ მიღწეულ იქნეს წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივი პროცენტული მაჩვენებლების მიღწევა, ასევე მოსახლეობის სრული დაფარვა მომსახურებით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად.
7.მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საზოგადოების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ნარჩენების წარმომქნელებს შორის თანამშრომლობას, შეგროვების სისტემების ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით.
