Article 47^7. დისტანციური სწავლება
1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.
2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.
4. დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს შერჩეული დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციას/ვიდეოგზამკვლევს და უზრუნველყოფს სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისთვის მის გაცნობას.
5. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კომპონენტების ჩამონათვალს, რომელთა ფარგლებშიც დისტანციური სწავლება იქნება დაშვებული, ამტკიცებს მინისტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.
6. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი.
7. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც უმაღლესი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
უმაღლესი განათლების შესახებ
