საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 125. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპები
1. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს შეიძლება დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლით და წესით.
2. პირს არ შეიძლება განმეორებით დაეკისროს პასუხისმგებლობა ერთი და იმავე საგადასახადო სამართალდარღვევისათვის.
3. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის საწარმოს/ორგანიზაციის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება შესაბამისი საფუძვლების არსებობისას არ ათავისუფლებს მის თანამდებობის პირებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული, სისხლისსამართლებრივი ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან.
4. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირის მიმართ საგადასახადო სანქციის გამოყენება არ ათავისუფლებს მას კუთვნილი გადასახადების გადახდის ვალდებულებისაგან.
5. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის სანქციის შეფარდების დროს, თუ კანონით გაუქმებულია ან შემსუბუქებულია პასუხისმგებლობა ასეთი სამართალდარღვევის ჩადენისათვის, მოქმედებს ახალი კანონით დადგენილი ნორმა, ხოლო თუ შემოღებულია ან დამძიმებულია პასუხისმგებლობა – გამოიყენება სამართალდარღვევის ჩადენის მომენტისათვის არსებული ნორმა.
6. ამ კარით დადგენილი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საგადასახადო სამართალდარღვევა გამოწვეულია დაუძლეველი ძალის პირობების მოქმედების შედეგად.
