საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 146. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმები და ზოგადი წესები
1. საგადასახადო დავის გადაწყვეტის ფორმებია : ა ) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით ; ბ ) დავის გადაწყვეტა სასამართლოს მიერ .
2. დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (საგადასახადო დავის განმხილველ ორგანოში) განხილვის წესით შედგება ორი ეტაპისაგან: ა) დავის გადაწყვეტა შემოსავლების სამსახურში; ბ) დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (შემდგომში – საბჭო). 2 1 . დავის გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით ხორციელდება ერთ ეტაპად იმ შემთხვევაში, თუ „საგადასახადო მოთხოვნით“ გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულების დარიცხვის საფუძველი არ არის საგადასახადო ორგანოს შემოწმების მასალები ან/და საგადასახადო სამართალდარღვევათა ოქმები.
3. თუ პირმა დავის გადაწყვეტის ფორმად აირჩია მისი გადაწყვეტა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში განხილვის წესით, მას უფლება აქვს, დავის გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიღებული გადაწყვეტილება კანონით დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოში იმავე ვადაში, რომელშიც მას უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მიუხედავად იმისა, მითითებულია თუ არა ამის თაობაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში შეტანილ საჩივარში.
