1.შემოსავლების სამსახური ვალდებულია ამ კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული საჩივრის მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში განიხილოს იგი, მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება და არა უგვიანეს გადაწყვეტილების მიღებიდან მე-3 სამუშაო დღისა გაუგზავნოს იგი მომჩივანს და იმ საგადასახადო ორგანოს, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული. თუ შემოსავლების სამსახური დაასკვნის, რომ სათანადოდ არ არის გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, იგი უფლებამოსილია გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამომცემ საგადასახადო ორგანოს დაავალოს, განმეორებით განიხილოს და შეისწავლოს მხოლოდ სადავო საკითხი შემოსავლების სამსახურის მიერ მითითებულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე მეტი. აღნიშნულ პერიოდში დავის განხილვა ჩერდება. ამ ვადის გაგრძელება შეიძლება ერთხელ, არა უმეტეს 15 კალენდარული დღით.
2.ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული სადავო საკითხის განმეორებითი განხილვისა და შესწავლის უზრუნველსაყოფად გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარება არ საჭიროებს მოსამართლის ბრძანებას , თუ გადამხდელი თანახმაა , შემოწმება ჩატარდეს მოსამართლის ბრძანების გარეშე . გადამხდელის ინფორმირებას განმეორებითი შემოწმების შესახებ უზრუნველყოფს საგადასახადო ორგანო .
3.შემოსავლების სამსახურში დავა განიხილება მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის (წარმომადგენლების) მონაწილეობით. განხილვისათვის დანიშნულ დროს მომჩივნის ან/და მისი კანონიერი ან უფლებამოსილი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში დავა მის გარეშე განიხილება. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ ვადაში შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი სხდომა (სხდომები).
4.შემოსავლების სამსახური დავის განხილვის საფუძველზე უფლებამოსილია: ა) დააკმაყოფილოს საჩივარი და გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; ბ) ნაწილობრივ დააკმაყოფილოს საჩივარი და ნაწილობრივ გააუქმოს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება; გ) არ დააკმაყოფილოს საჩივარი.
5.შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება მიღებულ იქნეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გაერთიანების საფუძველზედაც. შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებაში აღნიშნული უნდა იყოს: ა) მისი მიღების დრო და ადგილი, მიმღებ პირთა ვინაობა, მომჩივნისა და საგადასახადო ორგანოს დასახელება, რომლის გადაწყვეტილებაც იყო გასაჩივრებული, და დავის საგანი; ბ) შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომელთა საფუძველზედაც მოხდა ამა თუ იმ მტკიცებულების უარყოფა, ნორმატიული აქტები და მათი ნორმები, რომლებითაც ხელმძღვანელობდა იგი; გ) შემოსავლების სამსახურის დასკვნა საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ დაკმაყოფილების, მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან სადავო საკითხის განმეორებით განხილვის შესახებ; დ) მისი გასაჩივრების ვადა და წესი.
6.გადაწყვეტილებას ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი თანამდებობის პირი.
7.საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში შემოსავლების სამსახური ვალდებულია გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა პირს გადაწყვეტილებასთან ერთად გაუგზავნოს შესწორებული „საგადასახადო მოთხოვნა“ (თუ მოხდა მისი შესწორება).
8.თუ შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში არ მიიღებს იმავე ნაწილში აღნიშნულ გადაწყვეტილებას ან პირს არ გაუგზავნის მას, ეს ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3138 - სსმ I, №18, 31.05.2006წ., მუხ.132 საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4255 - სსმ I, №51, 31.12.2006წ., მუხ.416 საქართველოს 2008 წლის 26 დეკემბრის კანონი №871 - სსმ I, №41, 30.12.2008წ., მუხ.306 საქართველოს 2009 წლის 17 ივლისის კანონი №1527 - სსმ I, №19, 24.07.2009წ., მუხ.86 საქართველოს 2010 წლის 23 თებერვლის კანონი №2667 - სსმ I, №7, 09.03.2010წ., მუხ.26






