საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 240. მომსახურების გაწევის ადგილი
1. ამ კარის მიზნებისათვის მომსახურების გაწევის ადგილად ითვლება: ა) უძრავი ქონების ადგილმდებარეობა, თუ მომსახურება დაკავშირებულია უშუალოდ ამ ქონებასთან; ბ) მომსახურების ფაქტობრივად განხორციელების ადგილი, თუ იგი დაკავშირებულია მოძრავ ქონებასთან; გ) მომსახურების ფაქტობრივად გაწევის ადგილი, თუ იგი ხორციელდება კულტურის, ხელოვნების, განათლების, ტურიზმის, დასვენების, ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში; დ) ტვირთების გადატანის ან მგზავრთა გადაყვანის ადგილსამყოფელი ტრანსპორტირების დაწყებისას, თუ მომსახურება დაკავშირებულია ამ გადაზიდვებთან. ამ კოდექსის 233-ე მუხლის მიზნებისათვის საქართველოს ფარგლების გარეთ გადასახადის გადამხდელის მიერ მგზავრთა გადაყვანასა და ტვირთების გადატანასთან დაკავშირებული მომსახურება ითვლება საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებულად; ე) მომსახურების მიმღები პირის მიერ ამ მომსახურების ეკონომიკური სარგებლის მიღების ადგილი, თუ ამ მომსახურების მიმღებ და გამწევ პირთა ადგილსამყოფელი სხვადასხვა სახელმწიფოშია. ამ ქვეპუნქტის დებულებები გამოიყენება შემდეგი მომსახურების მიმართ: ე.ა) პატენტების, ლიცენზიების, სავაჭრო მარკების, საავტორო უფლებების ან სხვა ანალოგიური არამატერიალური აქტივის საკუთრებაში გადაცემა ან დათმობა; ე.ბ) საკონსულტაციო, იურიდიული, საბუღალტრო, საინჟინერინგო, აგრეთვე ინფორმაციის დამუშავებისა და სხვა ანალოგიური მომსახურება; ე.გ) პერსონალით უზრუნველყოფა; ე.დ) მოძრავი ქონების იჯარით გადაცემა (გარდა სატრანსპორტო საშუალებებისა); ე.ე) ხელშეკრულების ძირითადი მონაწილე პირის (საწარმოს ან ფიზიკური პირის) სახელით მოქმედი აგენტის მიერ ამ ნაწილით გათვალისწინებული მომსახურება; ვ) იმ პირის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ადგილი, რომელიც ეწევა მომსახურებას.
