Article 56^2. პროგრამათა კატეგორიების განმსაზღვრელი კრიტერიუმები
1. 18 წლამდე არასრულწლოვნისთვის შეუფერებლად მიიჩნევა პროგრამა (ანონსი), რომელიც შეიცავს: ა) სქესობრივი აქტის, სექსუალური სცენის ან სექსუალური ძალადობის სცენის გრაფიკულ გამოსახულებას; ბ) ისეთი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენას, რომელშიც არასრულწლოვანი მონაწილეობს ან რომელიც გაუკუღმართებული ფორმით ხორციელდება; გ) უხამს ქმედებას ან/და ისეთ ძალადობრივ ან სახიფათო ქმედებას, რომლის იმიტირება არასრულწლოვნისთვის იოლია; დ) ძალადობის ამსახველ სცენას ახლო ხედით (გარდა შემეცნებით-საგანმანათლებლო, ისტორიული, ფანტასტიკური ან კომედიური ჟანრის პროგრამისა); ე) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების სცენას, მისი დამზადების ან მოხმარების წესის ახსნა-განმარტებას და მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ვ) თამბაქოს ან ალკოჰოლის მოხმარების გამართლებას ან მოწონებას; ზ) ნარკოტიკის, საინექციო ხელსაწყოს, ნარკოტიკული ნივთიერების მომზადების ტექნოლოგიის ან გამოყენების პროცესის ახსნა-განმარტებას; თ) სცენას, რომელიც ეწევა თვითდასახიჩრების ან თვითმკვლელობის პროპაგანდას, აღწერს თვითმკვლელობის პროცესს ან საშუალებას; ი) იოლად ხელმისაწვდომი საყოფაცხოვრებო იარაღის (დანა, ნაჯახი და სხვა) ზიანის მისაყენებლად ან მკვლელობისთვის გამოყენების ამსახველ სცენას; კ) აზარტული თამაშობის ამსახველ სცენას, მისი პოპულარიზაციის ხელშემწყობ ინფორმაციას და ეწევა აზარტულ თამაშობაში მონაწილეობის პროპაგანდას მოგების მარტივად მიღების შთაბეჭდილების შექმნით; ლ) ინფორმაციას, რომელიც დანაშაულებრივ ქმედებას დადებითად აფასებს ან კრიმინალს აიდეალებს; მ) ოკულტიზმის ან მსგავსი მოვლენის ამსახველ მასალას.
