1.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება, აგრეთვე იმავე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტითა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის არაკონსტიტუციურობის დადასტურება იწვევს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმატიული აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობას საკონსტიტუციო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების გამოქვეყნების მომენტიდან.
2.ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს იმ სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის ან იმ მოქმედების ან უმოქმედობის არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელმაც სრულად ან ნაწილობრივ ხელყო მოსარჩელის კონსტიტუციური უფლებამოსილება.
