„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის
Article 16. ეთიკის წესები და დამოუკიდებლობა
1. სერტიფიცირებული ბუღალტერი/აუდიტორი/აუდიტორული ფირმა ვალდებულია პროფესიული მომსახურების განხორციელებისას დაიცვას ბუღალტერთა საერთაშორისო ფედერაციის (IFAC) მიერ დადგენილი პროფესიონალი ბუღალტრების ეთიკის კოდექსი (IESBA Code) (შემდგომ – პროფესიული ეთიკის კოდექსი).
2. პროფესიული ეთიკის კოდექსის სამოქმედოდ შემოღებას უზრუნველყოფს სამსახური მისი განახლებიდან 6 თვის ვადაში. სერტიფიცირებულ ბუღალტერს/აუდიტორს/აუდიტორულ ფირმას უფლება აქვს, გამოიყენოს ამ კოდექსის მოქმედი (ინგლისურენოვანი) რედაქცია.
3. აუდიტორი/აუდიტორული ფირმა, აგრეთვე ფიზიკური პირი, რომელმაც შეიძლება პირდაპირი ან არაპირდაპირი გავლენა მოახდინოს აუდიტორული მომსახურების შედეგებზე, იმ სუბიექტისაგან დამოუკიდებელი უნდა იყოს, რომელსაც იგი აუდიტორულ მომსახურებას უწევს. ამასთანავე, იგი არ უნდა მონაწილეობდეს ამ სუბიექტის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს მოთხოვნა მოქმედებს ფინანსური ანგარიშგების საანგარიშგებო პერიოდსა და აუდიტორული მომსახურების განხორციელების პერიოდში.
4. აუდიტორული ფირმის პარტნიორები/აქციონერები, აგრეთვე აუდიტორული ფირმისა და მასთან დაკავშირებული საწარმოს მმართველობითი ორგანოს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ისე არ უნდა ჩაერიონ აუდიტორული მომსახურების პროცესში, რომ გარიგების პარტნიორის დამოუკიდებლობასა და ობიექტურობას საფრთხე შეექმნას.
