Article 54
1. ნორმატიული აქტების მიმღები (გამომცემი) ყველა სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანო ვალდებულია, ნორმატიული აქტი უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ ხელმოწერიდან 5 დღის ვადაში სარეგისტრაციოდ გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
2. ნორმატიული აქტი (გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტებისა) იუსტიციის სამინისტროს გადაეცემა 4 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის) პირის ნორმატიული აქტი – 3 ეგზემპლარად (მათ შორის, დედანი), აკინძული და შესაბამისი ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ბეჭდითა და ხელმოწერით დამოწმებული. ნორმატიულ აქტებს, გარდა ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიული აქტებისა, უნდა დაერთოს ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული იუსტიციის სამინისტროს დასკვნა.
3. იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტები შეაქვს სახელმწიფო რეესტრში და ანიჭებს სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდს: საქართველოს ნორმატიულ აქტებს – ამ მუხლით დადგენილი წესით სამინისტროსათვის შესაბამისი ნორმატიული აქტის გადაცემიდან 3 დღის ვადაში, ხოლო ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოთა (თანამდებობის პირთა) ნორმატიულ აქტებს – გადაცემიდან 7 დღის ვადაში. რეგისტრირებული ნორმატიული აქტის 2 ეგზემპლარი (მათ შორის, დედანი) რჩება იუსტიციის სამინისტროში, ხოლო 2 ეგზემპლარი (ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოს (თანამდებობის პირის) ნორმატიული აქტის შემთხვევაში – 1 ეგზემპლარი) უბრუნდება ნორმატიული აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს (თანამდებობის პირს).
