1.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია: ა) გამოიყენოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის მხოლოდ ის სახეობები, რომლებიც მითითებულია ლიცენზიაში; ბ) დაიცვას ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის დადგენილი წესები, ვადები და კვოტები; გ) ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით იმ ხერხებით, რომლებიც არ არღვევენ ბუნებრივ მთლიანობას და უზრუნველყოფენ იმ გარეულ ცხოველთა შენარჩუნებას, რომლებითაც სარგებლობა არ არის დაშვებული; დ) არ დაუშვას ცხოველთა სამყაროს ობიექტების საბინადრო გარემოს დარღვევა ან გაუარესება; ე) რაციონალურად ისარგებლოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, სამეურნეო საქმიანობისას გამოიყენოს გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები; ვ) აღრიცხოს ცხოველთა სამყაროს გამოყენებული ობიექტების რაოდენობა, შეაფასოს მათი მდგომარეობა, საბინადრო გარემო და დაგენილი წესით და ვადებში წარუდგინოს სამინისტროს; ზ) განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებანი ცხოველთა სამყაროს ობიექტების აღწარმოების, მათი საბინადრო გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით; თ) დახმარება გაუწიოს სახელმწიფო ორგანოებს ცხოველთა სამყაროს დაცვის საქმეში და განახორციელოს ღონისძიებები ცხოველთა სამყაროს დაცვასთან დაკავშირებული სახელმწიფო, რეგიონალური და ადგილობრივი პროგრამების შესასრულებლად; ი) შეუფერხებლად დაუშვას სამინისტროს წარმომადგენლები ობიექტებზე, სადაც ინახავს, ამუშავებს და რეალიზაციას უკეთებს ცხოველთა სამყაროს ობიექტებს; დროულად შეასრულოს მათი კანონიერი მოთხოვნები და განკარგულებები; კ) უზრუნველყოს ცხოველთა სამყაროს დაცვა, შეასრულოს გარეულ ცხოველთა იმ სახეობის დაცვის რეჟიმი, რომელიც მიკუთვნებულია გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ ცხოველთა სამყაროს ობიექტებს და შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“; ლ) დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს, ვეტერინარულ, სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ სამსახურებს გარეულ ცხოველთა დაავადების, მათი საბინადრო გარემოს გაუარესების, განადგურების საშიშროების წარმოშობის და გარეულ ცხოველთა დაღუპვის შესახებ; განახორციელოს დაავადებების პროფილაქტიკისა და მათთან ბრძოლის კომპლექსური ღონისძიებანი; მ) დამოუკიდებლად შეწყვიტოს ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობა მათი მდგომარეობისა და საბინადრო პირობების გაუარესების, აღწარმოებითი უნარის დაქვეითებისა და გარეულ ცხოველთა განადგურების საშიშროების წარმოქმნის შემთხვევაში; დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები ცხოველთა სამყაროს ობიექტებზე და მათ საბინადრო გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის ასაცილებლად.
2.ცხოველთა სამყაროს ობიექტებით მოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს ცხოველთა სამყაროს დაცვის, აღწარმოებისა და ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებიც. საქართველოს 200 3 წლის 6 ივნის ის კანონი № 2380 - სსმ I, № 18 24.06 . 200 3 წ., მუხ. 120
