Article 15. წყლის დანაგვიანებისა და დაბინძურებისაგან დაცვა
1. აკრძალულია წყლის ობიექტებსა და წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების ჩაყრა.
2. აკრძალულია ზღვაში, წყლის სხვა ობიექტებში და მათი დაცვის ზოლებში ტოქსიკური, რადიოაქტიური და სხვა სახიფათო ნარჩენების განთავსება და დამარხვა.
3. წყლის ტრანსპორტის, მილსადენების, წყლის ობიექტებზე არსებული მცურავი და სხვა ნაგებობების მფლობელები, ხეტყის დამცურებელი ორგანიზაციები, აგრეთვე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, არ დაუშვან წყლის დანაგვიანება და დაბინძურება ზეთის, მერქნის, ქიმიური პროდუქტების, ნავთობის, მინერალური და ორგანული სასუქების, შხამქიმიკატების და სხვა პროდუქტების დანაკარგებით.
4. ხეტყის დამცურებელი ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, რეგულარულად გაწმინდონ დაცურების გზები ჩაძირული და მოტივტივე მერქნისაგან.
5. აკრძალულია ტივად შეუკრავი ხეტყის დაცურება.
6. ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან, არ დაუშვან წყალშემკრები აუზების, წყალსატევების, თოვლის, ყინულის, მყინვარების და თოვლის მუდმივი საფრის დანაგვიანება და დაბინძურება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენებითა და გამონაბოლქვით, რომელთა ჩარეცხვა გააუარესებს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ხარისხს.
7. მიწის მესაკუთრე და მიწით მოსარგებლე ვალდებული არიან, არ დაუშვან წყლის დაბინძურება მინერალური და ორგანული სასუქებით და შხამქიმიკატებით.
8. აკრძალულია წყალმომარაგების სათავე ნაგებობებთან ახლოს და მათი სანიტარიული დაცვის ზონებში საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების დაგროვება, ჩამდინარე წყლებით რწყვა, ისეთი ობიექტების მშენებლობა და სხვა საქმიანობა, რომლებმაც შეიძლება წყლის დაბინძურება გამოიწვიოს.
9. აკრძალულია შთამნთქმელი ჭაბურღილების ბურღვა და შთამნთქმელი ჭების მოწყობა, აგრეთვე გაზისა და ნავთობის დამუშავებული საბადოების, შახტებისა და კარიერების, ბუნებრივი მიწისქვეშა სიცარიელეების სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების ჩასაშვებად გამოყენება, თუ ამან შეიძლება გამოიწვიოს მიწისქვეშა წყლების შემცველი ჰორიზონტების დაბინძურება.
10. შავი ზღვის დაცვის და მისი ეკოსისტემის შენარჩუნების მიზნით ფიზიკური და იურიდიული პირები (მათ შორის, უცხოელები) ვალდებული არიან, განახორციელონ ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ხმელეთზე მდებარე დაბინძურების წყაროდან, გემიდან, ატმოსფეროდან, კონტინენტურ შელფზე საქმიანობის შედეგად ან საზღვაო ტრანსსასაზღვრო ტვირთზიდვის დროს ან ზღვაში ჩამდინარე წყლიდან მისი საშიში ნივთიერებებითა და მასალით დაბინძურების თავიდან აცილებას.
11. აკრძალულია ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ დასახლების წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3007 – ვებგვერდი, 12.01.2015წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2755 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
