Article 20^1
ამ თავის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მხილება – პირის (მამხილებლის) მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმირება საჯარო მოსამსახურის (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. მხილებად ჩაითვლება აგრეთვე მამხილებლის მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ; ბ) ანონიმური მხილება – მხილება, როდესაც მამხილებელი იდენტიფიცირებული არ არის; გ) განცხადების განმხილველი ორგანო – შესაბამისი საჯარო დაწესებულების შიდა კონტროლის ან/და სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი; დ) იძულებითი ზომები – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, ან მამხილებლის თანხმობის გარეშე მისთვის სამუშაო ადგილის შეცვლა, ხელშეკრულების პირობების გაუარესება, სამსახურში მიღებაზე, აღდგენაზე ან დაწინაურებაზე უარის თქმა ან/და სხვა ქმედება, რომელმაც გამოიწვია ან შეიძლება გამოიწვიოს მამხილებლის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეზღუდვა ან მისი სამსახურებრივი მდგომარეობის ან/და სამუშაო პირობების გაუარესება; ე) მამხილებლის ახლო ნათესავი – მამხილებლის მშობელი, მშვილებელი, შვილი (გერი), მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული), მამხილებელთან მუდმივად მცხოვრები პირი. საქართველოს 2009 წლის 27 მარტის კანონი №1157-სსმI, №9, 13.04.2009წ., მუხ.40 საქართველოს 2014 წლის 2 აპრილის კანონი №2172 - ვებგვერდი, 14.04.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4358 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №758 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
