Article 50. ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები
1. პირს შეუწყდება ლტოლვილის სტატუსი, თუ: ა) მან მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა; ბ) მან ნებაყოფლობით ისარგებლა თავისი წარმოშობის ქვეყნის დაცვით; გ) მან მოქალაქეობის დაკარგვის შემდეგ ნებაყოფლობით კვლავ მოიპოვა თავისი წარმოშობის ქვეყნის მოქალაქეობა; დ) მან მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა და სარგებლობს ამ ქვეყნის მფარველობით; ე) იგი ნებაყოფლობით დამკვიდრდა იმ ქვეყანაში, რომელიც დატოვა ან რომლის ფარგლების გარეთაც იმყოფებოდა დევნის შიშის გამო; ვ) მას არ შეუძლია უარი თქვას თავისი წარმოშობის ქვეყნის მფარველობაზე, რადგანაც აღარ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც მას მიენიჭა ლტოლვილის სტატუსი; ზ) იგი მიმართავს სამინისტროს ლტოლვილის სტატუსის შეწყვეტის შესახებ განცხადებით; თ) ვერ ხერხდება ამ კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით მასთან დაკავშირება, ამასთანავე, მან გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი; ი) იგი გარდაიცვალა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება ლტოლვილის სტატუსის მქონე პირზე, თუ, ადრინდელი დევნის გათვალისწინებით, მას შეუძლია წარადგინოს წარმოშობის ქვეყნის მფარველობით სარგებლობაზე უარის თქმის დასაბუთებული მიზეზი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ლტოლვილის სტატუსი შეწყდება ბინადრობის მოწმობის ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ.
