Article 18. ადმინისტრაციული სახდელები ამ კანონის დარღვევისათვის
1. ამ თავით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი ადმინისტრაციული სახდელები: ა) გაფრთხილება; ბ) ჯარიმა; გ) სამუშაო პროცესის შეჩერება.
2. ზედამხედველი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენებისას გასცემს მითითებას აღმოჩენილი დარღვევის ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში გამოსწორების შესახებ.
3. ზედამხედველი ორგანოს მიერ დადგენილი გონივრული ვადა შეიძლება შეთანხმდეს სამართალდამრღვევთან და აღინიშნება შესაბამის ოქმში, რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.
4. ზედამხედველი ორგანო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე გაცემული მითითებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ ამოწმებს სამართალდამრღვევს, რის შესახებაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აღინიშნება საწარმოს ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა.
5. ზედამხედველი ორგანო დარღვევის გამოსასწორებლად გაცემული მითითებით დადგენილ ვადაში დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის გამოყენების და გაცემული მითითების შესასრულებლად სამართალდამრღვევისთვის დამატებითი გონივრული ვადის მიცემის შესახებ. ამასთანავე, ზედამხედველ ორგანოს უფლება აქვს, შეაჩეროს სამუშაო პროცესი ამ მუხლის მე-12 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
6. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე შემოწმების აქტი შესაძლებელია შედგეს ზედამხედველი ორგანოს მითითებით დადგენილი ვადის გასვლამდე. ეს ფაქტი უნდა აღინიშნოს შემოწმების აქტში.
7. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამოიყენება შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელი.
8. ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ზედამხედველი ორგანო გამოსცემს შესაბამის ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც დაუყოვნებლივ გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
