Consolidation №12 Verified against the current consolidation · 26 Jun 2025
1. (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) .
2. (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) .
3. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს ერთმანეთისგან განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე 3 საინვესტიციო პორტფელში: ა) კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; ბ) დაბალანსებულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში; გ) დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში. 3 1 . მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტობას. მონაწილე/პენსიის მიმღები საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებით აფიქსირებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი საინვესტიციო პორტფელი შეეფერება მას. 3 2 . თუ მონაწილე/პენსიის მიმღები ისარგებლებს ამ მუხლის 3 1 პუნქტით მინიჭებული უფლებით, მასზე არ გავრცელდება ამავე მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტებით გათვალისწინებული წესები.
4. თუ მონაწილე/პენსიის მიმღები არ ისარგებლებს ამ მუხლის 3 1 პუნქტით მინიჭებული უფლებით, საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: ა) მონაწილის/პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2028 წლის 1 იანვრამდე რიცხული/ასახული საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; ბ) მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ განხორციელებული საპენსიო შენატანები, აგრეთვე დაგროვებით საპენსიო სქემაში 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრებული მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება შემდეგი პრინციპების დაცვით: ბ.ა) 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება დინამიკურ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; ბ.ბ) 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება დაბალანსებულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში; ბ.გ) 50 წლის ან 50 წელზე მეტი ასაკის მონაწილის საპენსიო აქტივების ინვესტირება განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში. 4 1 . ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მონაწილის ასაკი დგინდება შემდეგნაირად: დაგროვებით საპენსიო სქემაში 2028 წლის 1 იანვრამდე გაწევრებული მონაწილის ასაკი − 2028 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ხოლო 2028 წლის 1 იანვრის შემდეგ გაწევრებული მონაწილის ასაკი − გაწევრების თარიღის მდგომარეობით. ამასთანავე, მონაწილის ასაკის ცვლილებასთან ერთად მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიისთვის ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.ა“−„ბ.გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საინვესტიციო პორტფელში გადაიტანება. თუ მონაწილე ისარგებლებს ამ კანონის 33-ე მუხლით მინიჭებული უფლებით, მისი საპენსიო აქტივების ინვესტირება, მონაწილის ასაკის მიუხედავად, განხორციელდება კონსერვატიულ (ნაკლებრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningდაგროვებითი პენსიის შე…არასახელმწიფო საპენსიო…საინვესტიციო ფონდების …
For information only — not legal advice.
5. მონაწილეს/პენსიის მიმღებს უფლება აქვს, ამ კანონისა და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად შეცვალოს მის მიერ არჩეული საინვესტიციო პორტფელი ან ის საინვესტიციო პორტფელი, რომელიც ამ მუხლის მე-4 და 4 1 პუნქტების შესაბამისად ავტომატურად არის არჩეული და რომელსაც საპენსიო ფონდი მართავს. 5 1 . მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საინვესტიციო პორტფელის შერჩევისა და შეცვლის წესს ადგენს საპენსიო ფონდი. აღნიშნული წესით განისაზღვრება სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა და მონაწილის/პენსიის მიმღების მიერ საპენსიო ფონდისთვის შესაბამისი განცხადების წარდგენის ვადა. საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები, გარდა საპენსიო ფონდის ნორმატიული აქტით განსაზღვრული ცალკეული შემთხვევებისა (მათი არსებობის შემთხვევაში). 5 2 . საპენსიო ფონდი ვალდებულია მონაწილეს საპენსიო ასაკის მიღწევამდე 2 წლით ადრე ელექტრონულად მიაწოდოს ინფორმაცია მისი საინვესტიციო პორტფელის შესახებ, მათ შორის, ინფორმაცია პენსიის მიღების შემდეგ საინვესტიციო პორტფელის შეცვლის შესაძლებლობისა და პენსიის გატანის ფორმების თაობაზე. საპენსიო ფონდი ადგენს პენსიის მიმღებისთვის პენსიის/საპენსიო აქტივების გაცემის/დანიშვნის წესებსა და პროცედურებს, მათ შორის, თითოეული საინვესტიციო პორტფელის ჭრილში ლიკვიდური აქტივების მინიმალურ მოთხოვნებს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად.
6. საინვესტიციო კომიტეტი ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით შეიმუშავებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც განხორციელდება საპენსიო აქტივების ინვესტირება.
7. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი საპენსიო აქტივების ინვესტირების მიზნებისთვის, თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელის ჭრილში ცხადად უნდა განსაზღვრავდეს სულ მცირე შემდეგ საკითხებს: ა) საინვესტიციო მიზნებს; ბ) აქტივების განთავსების სტრატეგიას და აქტივების განთავსების სტრატეგიიდან გადახრის მაქსიმალურ დასაშვებ ნორმებს თითოეული კლასის აქტივებისთვის; გ) მთლიანი რისკების პროფილს და ცალკეული რისკების მიმართ ტოლერანტულობის მატრიცას, მისი მოქმედების საინვესტიციო ჰორიზონტის მითითებით; დ) ამ კანონის 28-ე მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიის, სპეციალიზებული დეპოზიტარისა და საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა მომსახურების გამწევი პირის შერჩევის, მონიტორინგის, შეფასებისა და მასთან ხელშეკრულების დადების/შეწყვეტის პროცედურას. თითოეულ საინვესტიციო პორტფელში ინვესტიციები უნდა დაიგეგმოს იმ გათვლით, რომ საინვესტიციო ჰორიზონტის ბოლოსთვის, მაღალი სანდოობით მოსალოდნელი იყოს ინვესტირებიდან დადებითი რეალური ამონაგები (ინფლაციის გათვალისწინებით).
8. თითოეული საინვესტიციო პორტფელი უნდა ითვალისწინებდეს განსხვავებულ საინვესტიციო ჰორიზონტს, რომელსაც განსაზღვრავს საინვესტიციო კომიტეტი ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. ამასთანავე: ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები; ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს; გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტი უნდა აღემატებოდეს დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელის საინვესტიციო ჰორიზონტს. 8 1 . საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული თითოეული ტიპის (კონსერვატიული, დაბალანსებული, დინამიკური) საინვესტიციო პორტფელის მიხედვით შექმნას და მონაწილეებს შესთავაზოს რამდენიმე, ერთმანეთისგან განსხვავებული კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი), დაბალანსებული (საშუალორისკიანი) ან დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი.
9. თითოეული საინვესტიციო პორტფელის საშუალებით განხორციელებული ინვესტირებიდან მიღებული ამონაგები და საინვესტიციო პოლიტიკის ეფექტიანობა უნდა შეფასდეს საინვესტიციო ჰორიზონტის ვადიანობის და განხორციელებული ინვესტირების შედეგად შემდგარი საინვესტიციო პორტფელის რისკიანობის გათვალისწინებით.
10. მმართველობითი საბჭო განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის გადასინჯვის წესსა და პერიოდულობას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი უნდა გადაისინჯოს არანაკლებ წელიწადში ერთხელ.
11. მმართველობითი საბჭო/საინვესტიციო კომიტეტი ვალდებულია საფინანსო ბაზრებზე განვითარებულ მნიშვნელოვან რყევებზე ან მათთან დაკავშირებულ რისკებზე რეაგირების მიზნით განიხილოს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის ცვლილების საჭიროება.
12. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო პორტფელის ტიპები და დასაშვები საინვესტიციო ლიმიტები აქტივების ფართო კლასების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: ა.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ 1 “ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 100 პროცენტამდე; ა.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტამდე; ა.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 13 1 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) − 15 პროცენტამდე; ა.დ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კერძო კაპიტალის, ვენჩურული კაპიტალისა და უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებისას ეს საინვესტიციო ფონდები ეროვნული ბანკის მიერ უნდა იყოს რეგისტრირებული/ავტორიზებული; ა.ე) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „დ 2 “ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფინანსურ ინსტრუმენტებთან მიმართებით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით ამ პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ლიმიტზე მკაცრი ლიმიტი დააწესოს; ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: ბ.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ 1 “ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 80 პროცენტამდე; ბ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 20 პროცენტიდან 40 პროცენტამდე; ბ.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 13 1 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) – 20 პროცენტამდე; გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი: გ.ა) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ 1 “ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„გ 1 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტები, აგრეთვე საჯარო შეთავაზების გზით განთავსებული, ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები − 60 პროცენტამდე; გ.ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წილობრივი ფასიანი ქაღალდები − 40 პროცენტიდან 60 პროცენტამდე; გ.გ) ამ მუხლის მე-16 და მე-17 პუნქტებით გათვალისწინებული სხვა ტიპის აქტივები (გარდა ამ მუხლის 13 1 პუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან ქვეფონდის ერთეულებისა) − 25 პროცენტამდე.
13. უცხოური ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში განთავსების მაქსიმალური ზღვრები საინვესტიციო პორტფელების ჭრილში განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) კონსერვატიული (ნაკლებრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი − 20 პროცენტი; ბ) დაბალანსებული (საშუალორისკიანი) საინვესტიციო პორტფელი − 40 პროცენტი; გ) დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელი − 60 პროცენტი. 13 1 . ამ მუხლის მე-12 და მე-13 პუნქტების მიზნებისთვის ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით ან მე-17 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ფონდის ან მისი ქვეფონდის ერთეულების ფლობა იმავე საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის პორტფელში შემავალი აქტივების პროპორციული ოდენობით ფლობად ჩაითვლება, თუ შესაბამისი პორტფელის არანაკლებ 95 პროცენტი ამ მუხლის მე-16 პუნქტის „ა“−„დ 1 “, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებითა და მე-17 პუნქტის „ა“−„დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტივებისგან შედგება. ამ მუხლის მე-19 პუნქტის შესაბამისად ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დამატებითი მოთხოვნები ვრცელდება აგრეთვე ამ პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდის/ქვეფონდის პორტფელში შემავალ შესაბამის აქტივებზე, თუ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
14. (ამოღებულია - 27.06.2024, №4312) ;
15. საინვესტიციო კომიტეტი ამ კანონის 28 1 მუხლით განსაზღვრული აქტივების მმართველი კომპანიისთვის (მისი არსებობის შემთხვევაში) ამტკიცებს დეტალურ საინვესტიციო სახელმძღვანელოს თითოეული ტიპის საინვესტიციო პორტფელისთვის. ის უნდა მოიცავდეს არანაკლებ უკუგების მიზნობრივ მაჩვენებლებს (თამასას), თამასისადმი რისკების გადახრის ზღვრულ მაჩვენებელს მიზნობრივი მაჩვენებლების მიმართ, დასაშვებ და აკრძალულ ინვესტიციებს, საკრედიტო რისკებს, საინვესტიციო ჰორიზონტს, სარეიტინგო ზღვრებს საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტისა და ამ კანონის შესაბამისად.
16. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს შემდეგ უცხოური ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები; ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი; გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები; დ) სახელმწიფოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო სააგენტოს მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი, თუ ის სათანადოდ არის გარანტირებული შესაბამისი სახელმწიფოს მიერ; დ 1 ) სახელმწიფოს საბანკო მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები; დ 2 ) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად თანაინვესტირება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების დაცვით; ე) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები (გარდა ამ პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობლიგაციებისა), რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით; ვ) საწარმოთა აქციები ან გლობალური დეპოზიტარული ხელწერილები, რომლებიც რეგისტრირებულია სახელმწიფოს კაპიტალის ბაზრის შესაბამისი მარეგულირებლის მიერ და განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით და რომლებით ვაჭრობაც ხორციელდება საფონდო ბირჟაზე, იმ პირობით, რომ მათზე განხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა; ზ) სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული/ავტორიზებული/რეგისტრირებული ან/და სახელმწიფოს შესაბამისი მარეგულირებლის ზედამხედველობისადმი დაქვემდებარებული საინვესტიციო ფონდის (მათ შორის, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელი საინვესტიციო ფონდის, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის) ერთეულები; თ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელებისთვის შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.
17. საპენსიო აქტივების ინვესტირება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ შემდეგ ეროვნული ვალუტით დენომინირებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში: ა) ფულადი სახსრები, საბანკო დეპოზიტები და სადეპოზიტო სერტიფიკატები; ბ) სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, მუნიციპალიტეტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდი; გ) საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდები; გ 1 ) ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკების მიერ გამოშვებული იპოთეკით დაცული ობლიგაციები; დ) კორპორაციული სასესხო ფასიანი ქაღალდები (გარდა ამ პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ობლიგაციებისა), რომლებიც რეგისტრირებულია შესაბამისი მარეგულირებლის მიერ საქართველოში და განთავსებულია საჯარო ან კერძო შეთავაზების გზით; დ 1 ) საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად თანაინვესტირება ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული პირობების დაცვით; ე) საწარმოთა აქციები, რომლებიც განთავსებულია საჯარო შეთავაზების გზით, საქართველოში ან სხვა სახელმწიფოში ლიცენზირებული საფონდო ბირჟის სიაში და რომლებზედაც ხორციელდება შესაბამისი მარეგულირებლის განგრძობადი ზედამხედველობა; ვ) ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული/რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის (მათ შორის, კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, ვენჩურული კაპიტალის საინვესტიციო ფონდის, უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდის) ერთეულები; ზ) სხვა ფინანსური ინსტრუმენტები ან/და არაფინანსური აქტივები, რომლებიც დაბალანსებული (საშუალორისკიანი) და დინამიკური (მაღალრისკიანი) საინვესტიციო პორტფელებისთვის შეიძლება ინვესტირებისთვის დაუშვას ეროვნულმა ბანკმა.
18. (ამოღებულია - 01.11.2023, №3601) .
19. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაადგინოს დამატებითი მოთხოვნები (მათ შორის, მინიმალური დასაშვები საკრედიტო რეიტინგი) ამ მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი სახის საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტისთვის ან/და ემიტენტისთვის.
20. აკრძალულია საპენსიო აქტივების ინვესტირება: ა) აქტივებში, რომელთა გასხვისებაც დაუშვებელია კანონით; ბ) ოფციონებში, ფიუჩერსულ და ფორვარდულ გარიგებებსა და ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ სხვა ხელშეკრულებებსა და ფინანსურ აქტივებში, გარდა ჰეჯირების სტრატეგიის ფარგლებში რისკების შემცირების მიზნით გამოსაყენებელი დერივატივებისა, რომლებიც არ ზრდის ღია პოზიციებს. აღნიშნულ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ჰეჯირების სტრატეგიის ფარგლებში გამოსაყენებელ დერივატივებთან მიმართებით დამატებითი მოთხოვნები დაადგინოს; გ) კერძო წილობრივ ფასიან ქაღალდებში/წილში, უძრავ ქონებასა და ფიზიკურ აქტივებში; დ) იმ აქტივების მმართველი კომპანიის, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, მმართველობითი საბჭოს წევრის ან მასთან აფილირებული პირის ნებისმიერ ქონებაში; ე) ფასიან ქაღალდებში, რომლებიც გამოუშვა იმ აქტივების მმართველმა კომპანიამ, რომელიც საპენსიო აქტივებს მართავს, ან მასთან აფილირებულმა პირმა; ვ) ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებში ან/და არაფინანსურ ინსტრუმენტებში.
21. დაუშვებელია საპენსიო აქტივების 5 პროცენტზე მეტის ინვესტირება ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებულ საინვესტიციო ფინანსურ ინსტრუმენტებში. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის განმახორციელებელ საინვესტიციო ფონდთან და ასეთი საინვესტიციო ფონდის ემიტენტთან მიმართებით დაადგინოს ამ პუნქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული წესი.
22. დაუშვებელია იმ საპენსიო აქტივების ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავს: ა) ერთი ემიტენტის მიმოქცევაში არსებული საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტების ჯამურად 20 პროცენტზე მეტის ფლობა ან ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად არაუმეტეს 30 პროცენტზე მეტის ფლობა; ბ) ამ მუხლის მე-16 პუნქტის „დ 2 “ ქვეპუნქტითა და მე-17 პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ტრანზაქციების ფარგლებში 20 პროცენტზე მეტი თანამონაწილეობა. 22 1 . თუ საინვესტიციო პორტფელი სცდება ამ მუხლით განსაზღვრულ ლიმიტებს/მოთხოვნებს და ეს შეუსაბამობა გამოწვეული არ არის ახალი საინვესტიციო გადაწყვეტილებით, საპენსიო ფონდი ვალდებულია 6 თვის განმავლობაში უზრუნველყოს საინვესტიციო პორტფელის ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. 22 2 . ამ მუხლით განსაზღვრული ლიმიტების გამოთვლისას გაითვალისწინება მხოლოდ ღია (არაჰეჯირებული) პოზიციები. 22 3 . ამ მუხლის 21-ე პუნქტით განსაზღვრული ლიმიტი გამოითვლება იმ საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, რომლებსაც საპენსიო ფონდი მართავს.
23. ამ მუხლის 21-ე და 22-ე პუნქტებით განსაზღვრული შეზღუდვები არ ვრცელდება ფულად სახსრებზე, საბანკო დეპოზიტებზე, სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და იპოთეკით დაცულ ობლიგაციებზე, აგრეთვე საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის ან საქართველოს მთავრობის მიერ აღიარებული, არანაკლებ АА- ან მისი ეკვივალენტური საკრედიტო რეიტინგის მქონე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ ემიტირებულ ფასიან ქაღალდებზე.
24. არ შეიძლება საპენსიო აქტივები გასხვისდეს: ა) იმ აქტივების მმართველ კომპანიაზე, რომელიც მომსახურებას უწევს ამ საპენსიო აქტივებს; ბ) მმართველობითი საბჭოს წევრზე; გ) ნებისმიერ პირზე, რომელიც არის აქტივების მმართველ კომპანიასთან ან მმართველობითი საბჭოს წევრთან აფილირებული პირი (აფილირების იდენტიფიცირების შესაძლებლობის შემთხვევაში). 24 1 . ამ მუხლის მე-20 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, 24-ე პუნქტითა და ამ კანონის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი აკრძალვები არ ვრცელდება საპენსიო ფონდის/აქტივების მმართველი კომპანიის მიერ ფასიანი ქაღალდებით დადებულ იმ გარიგებაზე, რომლის მეორე მხარე ბენეფიციარის სახელით/სასარგებლოდ ეროვნული ბანკის ან სხვა სახელმწიფოს მარეგულირებლის მიერ ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტია, ამასთანავე, ფასიანი ქაღალდების ბაზარზე დამკვიდრებული ჩვეულებებიდან გამომდინარე, საპენსიო ფონდისთვის/აქტივების მმართველი კომპანიისთვის ამ ბენეფიციარის ვინაობა უცნობია.
25. აქტივების მმართველმა კომპანიამ არ შეიძლება გასცეს რაიმე სესხი ან გარანტია ამ მუხლის 24-ე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირის სასარგებლოდ.
26. საპენსიო ფონდი/აქტივების მმართველი კომპანია ახორციელებს იმ საინვესტიციო ფინანსური ინსტრუმენტებიდან გამომდინარე ყველა უფლებას მონაწილეებისა და მათი მემკვიდრეების ინტერესების შესაბამისად, რომლებსაც ის მართავს. საქართველოს 2020 წლის 19 მარტის კანონი №5860 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7008 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.