1.საპენსიო ფონდი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, თავის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს საპენსიო ფონდის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიში. ეს ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის წლიურ ფინანსურ ანგარიშგებას, რომელიც აუდიტირებულია მსოფლიოს 4 უმსხვილესი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთის მიერ, რომელსაც შეარჩევს აუდიტის კომიტეტი და ნიშნავს მმართველობითი საბჭო. შერჩეულ აუდიტორულ კომპანიას შესაძლებლობა ექნება, უწყვეტად მხოლოდ სამჯერ განახორციელოს წლიური ფინანსური ანგარიშგების აუდიტირება; ბ) ჯამური აბსოლუტური ამონაგების შესახებ ინფორმაციას, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელებიდან თითოეულის ჭრილში, მათ შორის, აქტივების კლასების მიხედვით; გ) ამ კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო პორტფელების მიხედვით ინვესტირებული საპენსიო აქტივების ღირებულებისა და პროპორციის შესახებ ინფორმაციას, აგრეთვე აქტივების კლასების როგორც მიზნობრივი, ისე ფაქტობრივი განაწილების თაობაზე ინფორმაციას; დ) აქტივების მმართველი კომპანიის საინვესტიციო საქმიანობის შედეგების, მიზნობრივი მაჩვენებლებისა და მათგან გადახრის მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას − ეროვნული ვალუტითა და უცხოური ვალუტით დენომინირებული ფინანსური ინსტრუმენტებისთვის ცალ-ცალკე; ე) ანგარიშს ყველა სხვა გადასახდელის შესახებ, მათ შორის, სპეციალიზებული დეპოზიტარის საკომისიოს და ჯამურად სხვა მომსახურებისა და ფინანსური გარიგების საფასურების თაობაზე; ვ) საპენსიო ფონდის დებულებით ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ სხვა ინფორმაციას.
2.საპენსიო ფონდის გენერალური დირექტორი ვალდებულია ყოველწლიურად, კალენდარული წლის დასრულებიდან არაუგვიანეს 5 თვისა, საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობასა და ეროვნულ ბანკს წარუდგინოს საპენსიო ფონდის მიერ გასულ წელს განხორციელებული საქმიანობის ანგარიში.
3.საპენსიო ფონდი უფლებამოსილია სხვა ინფორმაცია (მათ შორის, არააუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება) გამოაქვეყნოს თავის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ.





