1. შემოსავლების სამსახური საპენსიო ფონდის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის განსახორციელებლად მას შემოსავლების სამსახურისა და საპენსიო ფონდის ერთობლივი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციით. საპენსიო ფონდი ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაციის შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად ან/და ამ მუხლის მე-12 პუნქტის გათვალისწინებით ახდენს საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირებას, აგრეთვე ავლენს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტს.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningდაგროვებითი პენსიის შე…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს ეროვნული ბ…
For information only — not legal advice.
2. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ნებისმიერ პირს, მათ შორის, დამსაქმებელს, მონაწილეს, პენსიის მიმღებს, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეს, მოსთხოვოს ან/და ნებისმიერი პირისგან მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია საპენსიო შენატანის ან/და ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ან/და მათი კორექტირების შესახებ და ეს ინფორმაცია ამ მუხლის მე-3 პუნქტით ან/და 3 1 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს. ამასთანავე, საპენსიო ფონდს უფლება აქვს, ნებისმიერ პირს მოსთხოვოს მისთვის შეცდომით გადახდილი ნებისმიერი თანხის საპენსიო ფონდისთვის დაბრუნება და ამ თანხის დასაბრუნებლად განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შეუსრულებლობის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საურავი საპენსიო შენატანის იმ ოდენობაზე, რომელიც არ განხორციელებულა ან შესაბამისი ვადის დარღვევით განხორციელდა, საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო დღიდან, თითოეული ვადაგადაცილებული დღისთვის არსებული, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთისთვის დამატებული 5 პროცენტის ოდენობით. საურავი დაირიცხება საპენსიო შენატანის განხორციელების ვადის მომდევნო თარიღიდან და გრძელდება დამსაქმებლის მიერ ამ საპენსიო შენატანის სრულად განხორციელებამდე. დამსაქმებელს ამ პუნქტით გათვალისწინებული საურავი დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმისგან დამოუკიდებლად, საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში და დადგენილი წესით. 3 1 . საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის (ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და საპენსიო შენატანის განხორციელებისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევით შესრულების) ფაქტის იდენტიფიცირების შემთხვევაში დამსაქმებელს საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შესაბამისი საშემოსავლო დეკლარაციის შესწორების/დაზუსტების შედეგად დამსაქმებელი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით განახორციელებს შესაბამის საპენსიო შენატანს/შენატანებს. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელს დაეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ჯარიმა, თუ საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით არ განახორციელებს საპენსიო შენატანს. 3 2 . ამ მუხლის მე-3 და 3 1 პუნქტების შესაბამისად დამსაქმებლისთვის საურავის ან/და ჯარიმის დაკისრება მას არ ათავისუფლებს ამ კანონის თანახმად საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულებისგან. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია შესაბამისი საპენსიო შენატანი საკუთარი ხარჯით (დასაქმებულის ხელფასიდან გამოქვითვის გარეშე) განახორციელოს.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში საპენსიო ფონდი უფლებამოსილია დამსაქმებელს მოსთხოვოს საპენსიო შენატანის ზედმეტობის გასწორება საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით. თუ დამსაქმებელი საპენსიო ფონდის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გაასწორებს საპენსიო შენატანის ზედმეტობას, საპენსიო ფონდმა თავად უნდა განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები აღნიშნული ზედმეტობის გასასწორებლად.
5. ამ მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის თანხა მიიმართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მე-3 პუნქტით განსაზღვრული საპენსიო შენატანის თანხა და საურავი საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით ირიცხება მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე.
6. ამ კანონით გათვალისწინებული ჯარიმა, საპენსიო შენატანი და საურავი იძულებით აღსასრულებლად მიექცევა საპენსიო ფონდის ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და მის შესაბამისად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
7. საპენსიო ფონდი უფლებამოსილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების ფარგლებში ელექტრონულად, თავის მიერ დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, აგრეთვე თავის მიერვე დადგენილი წესით განსაზღვროს ის შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნით შესაბამის პირებთან კომუნიკაციის, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და ნებისმიერი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ჩაბარების/გაცნობის, მათ შორის, ელექტრონული კომუნიკაციის, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მეშვეობით ჩაბარების/გაცნობის, წესსა და პირობებს ადგენს საპენსიო ფონდი.
9. საპენსიო ფონდი ამ კანონის შესაბამისად შეიმუშავებს და ამტკიცებს დამსაქმებლების, მათ შორის, სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების, მიერ საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების დარღვევის ფაქტის იდენტიფიცირებისა და საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების ფაქტის გამოვლენის, ჯარიმის ან/და საურავის დაკისრებისა და აღსრულების, ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის თანხის დაბრუნების წესებსა და პროცედურებს და აღნიშნული უფლებამოსილებების განსახორციელებლად ადგენს შესაბამის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების ფორმებს.
10. ამ მუხლით განსაზღვრული რეგულირება საპენსიო ფონდის მიერ გამოვლენილ ზედმეტად განხორციელებულ საპენსიო შენატანსა და შეცდომით გადახდილ თანხასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ პირებზე, მათ შორის, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრეებზე, რომლებმაც 2024 წლის 30 სექტემბრამდე კანონით დადგენილი წესით სრულად მიიღეს პენსია/საპენსიო აქტივები. შესაბამისად, საპენსიო ფონდი ამ პირებს არ მოსთხოვს საპენსიო შენატანის ზედმეტად განხორციელების შედეგად მათთვის შეცდომით/ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებას.
11. თუ ამ მუხლის შესაბამისად განხორციელებული შედარების შედეგად შესამოწმებელ 1-თვიან პერიოდში იდენტიფიცირებული შეუსაბამობა, რომელიც გულისხმობს განხორციელებულ და კანონის შესაბამისად განსახორციელებელ საპენსიო შენატანებს შორის სხვაობას, 1 ლარს არ აღემატება, ეს არ ჩაითვლება ამ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობად. თუ აღნიშნული შესამოწმებელი პერიოდი 1 თვეს აღემატება, მითითებული თანხა პროპორციულად განისაზღვრება.
12. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საპენსიო ფონდის მიერ მიღებული ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლინდება მისი შეუსაბამობა შემოსავლების სამსახურისგან მიღებულ ინფორმაციასთან ან/და ელექტრონულ სისტემაში არსებულ ინფორმაციასთან, საპენსიო ფონდი უფლებამოსილია გადაწყვეტილების მიღებისას და მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას იხელმძღვანელოს მის მიერ აღნიშნული შესწავლის პროცესში მიღებული ინფორმაციით/დოკუმენტაციით. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №832 – ვებგვერდი, 30.06.2025წ.