1.პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2.სამინისტროს მიერ მონაცემების პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განსაზღვრული მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია იმავე პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულების მიზნით მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები. მუხლი 37. საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია 1. საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
2.საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.
3.საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.



