Article 28^3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
1. სამინისტრო თავის სისტემაში ქმნის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას (შემდგომ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა) და ახორციელებს მისი საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას და მის სახელმწიფო კონტროლს.
2. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციებია: ა) განათლების სისტემის განვითარების ხელშეწყობა ამ სისტემაში ერთიანი საინფორმაციო საგანმანათლებლო სივრცის ფორმირებით; ბ) თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; გ) განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების ავტომატიზაციისა და ელექტრონული მონაცემების შეგროვების, შენახვისა და ადმინისტრირების უზრუნველსაყოფად სამინისტროს მიერ დადგენილი წესით განათლების მართვის საინფორმაციო სისტემების შექმნა და დანერგვა; დ) მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფა და სტატისტიკის წარმოება; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობლების, სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა პერსონალური მონაცემების აღრიცხვის უზრუნველყოფა; ვ) ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ადმინისტრირება; ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში საჯარო სკოლის დირექტორის, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − საჯარო სკოლის სხვა თანამშრომლის, სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით რეგისტრაცია; ზ) მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ბრუნვის ორგანიზება, კონტროლი და გამოსაყენებლად უვარგისი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების ექსპერტიზისა და უტილიზაციისათვის მომზადება; თ) იმ პირთა აღრიცხვა, რომლებსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის ან/და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ჩამოერთვათ პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; ი) განათლების სისტემის ძირითადი ინდიკატორების შემუშავება; კ) სრული ზოგადი განათლებისა და საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების − ატესტატების, ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის და მათი დუბლიკატების გასაცემად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაცემთა ბაზების ფორმირება; ლ) პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დუბლიკატების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გაცემა; მ) განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსი ხელმძღვანელობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საქმიანობას, პასუხს აგებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ამოცანების შესრულებისათვის და ახორციელებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5511 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 28 ნოემბრის კანონი №2822 - ვებგვერდი, 15.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №102 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2753 – ვებგვერდი, 19.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3443 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ზოგადი განათლების შესახებ
