Article 2. ექსპერტიზას დაქვემდებარებული სანებართვო დოკუმენტაციის სახეები შენობა-ნაგებობის კლასების მიხედვით
1. მშენებლობის ნებართვის მისაღებად წარდგენილ განცხადებას უნდა დაერთოს: ა) დეტალური არქიტექტურული პროექტის საექსპერტო დასკვნა – III-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად; ბ) საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის საექსპერტო დასკვნა – II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად; გ) კონსტრუქციული სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა – II-IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის ნებართვის ასაღებად; დ) არსებობის შემთხვევაში − ტექნოლოგიური სქემის/პროექტის საექსპერტო დასკვნა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით განსაზღვრული საექსპერტო დასკვნა გულისხმობს „ტექნიკური რეგლამენტის – შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილებასთან შესაბამისობას, სულ მცირე, შემდეგი ნაწილების მითითებით: ა) დაკავებულობ(ებ)ისა და დაკავებულობის დატვირთვების შეფასებას; ბ) კონსტრუქციის ტიპების შეფასებას; გ) სიმაღლისა და ფართობის შეფასებას; დ) გასასვლელების, გასასვლელთან მისადგომების, გასავლელებისა და შენობიდან გამოსასვლელების შეფასებას; ე) გზა-კიბეებისა და სხვა გასასვლელი საშუალებების გამტარუნარიანობების შეფასებას; ვ) მისაწვდომობის შეფასებას; ზ) გარე კედლებისადმი მოთხოვნების შეფასებას; თ) სახურავის ანაწყობების შეფასებას; ი) ცეცხლმედეგობის ხარისხიანი მოთხოვნილი გამმიჯნავების შეფასებას; კ) ხანძრისაგან დაცვის სისტემების შეფასებას; ლ) წყალსადენი სისტემის ფიქსირებული მოწყობილობების შეფასებას; მ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა მოთხოვნების შეფასებას.
