საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 189. აქციზის ჩათვლა
1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირს, რომელიც ახორციელებს დასაბეგრ ოპერაციას ან აქციზური საქონლის ექსპორტს, უფლება აქვს, მიიღოს საგადასახადო ჩათვლა მიწოდებული (მათ შორის, გადაცემული, საწყობიდან სარეალიზაციოდ გატანილი ან ექსპორტირებული) აქციზური საქონლის საწარმოებლად გამოყენებულ სხვა აქციზურ საქონელზე (ნედლეულზე) გადახდილი ან გადასახდელი აქციზის ოდენობით ან დაიბრუნოს აქციზი ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნებისათვის დადგენილი წესის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს მისგან წარმოებულ აქციზურ საქონელზე გამოანგარიშებული აქციზისა.
2. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული აქციზის ჩათვლის ან დაბრუნების წესი გამოიყენება აქციზური საქონლის საწარმოებლად მწარმოებლის მიერ იმპორტირებული სხვა აქციზური საქონლის (ნედლეულის) მიმართ.
