Article 25. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი
1. საქართველოში დაფუძნებულ პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 26-ე მუხლით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, უფლება აქვს, საბაჟო ორგანოს მიმართოს განცხადებით ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან კონსულტაციის შემდეგ საბაჟო ორგანო განმცხადებელს ანიჭებს ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსს.
2. ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი მოიცავს ორი სახის ავტორიზაციას: ა) ავტორიზაცია საბაჟო გამარტივებისთვის, რომელიც, საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად, მის მფლობელს აძლევს გარკვეული გამარტივებული საბაჟო ფორმალობებით სარგებლობის საშუალებას; ბ) ავტორიზაცია დაცვისა და უსაფრთხოებისთვის, რომელიც მის მფლობელს აძლევს დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარკვეული შეღავათებით სარგებლობის უფლებას.
3. პირს უფლება აქვს, ერთდროულად ფლობდეს ორივე სახის ავტორიზაციას.
4. თუ საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსი აღიარებულია და შესრულებულია საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი, კონკრეტული ტიპის საბაჟო გამარტივებასთან დაკავშირებული მოთხოვნები, საბაჟო ორგანომ პირს უნდა მისცეს ამ გამარტივებით სარგებლობის უფლება. საბაჟო ორგანომ არ უნდა გადაამოწმოს ის კრიტერიუმები, რომლებიც ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის სტატუსის მინიჭების დროს შემოწმდა.
